სწავლანი > საეკლესიო სამართალი
მოციქულთა კანონები
1. ზონარას, არისტინესა და ბალსამონის განმარტებები ნათარგმნია გამოცემიდან: Правила святых апостол и святых отец с толкованиями. Москва. 1876 г.
2. კანონთა ფორმულირებები და განმარტებები სლავური Кормчая-დან ("მესაჭე") ნათარგმნია იმავე გამოცემიდან.
3. კანონთა განმარტებები ბერძნული ΠΗΔΑΛΙΟΝ-იდან ("პიდალიონი" - "მესაჭე") ნათარგმნია გამოცემიდან: Пидалион. Том I. Правила Святых Апостолов. Изд. Александро-Невский Ново-Тихвинский женский монастырь. 2019 г.
66
თუ კლირიკოსი ჩხუბში ვინმეს დაჰკრავს და ერთი დარტყმით მოკლავს, დაემხოს პატივისგან თავისი გულფიცხობის გამო; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ამას, უზიარებლობით დაისაჯოს.
(მოც. 27; ორგზ. 9; ანკვ. 22,23; ბასილი დიდი 8,54,55,56,57; გრიგოლ ნოს. 5).
განმარტებანი:
ზონარა. უფალმა ყველას მოგვცა მცნება მარჯვენა ყვრიმალში დამრტყმელს მარცხენაც მივუშვიროთ, და საპასუხოდ შური არ ვიძიოთ. ამიტომაც კლირიკოსი, რომელიც ჩხუბში ვინმეს დაარტყამს, ხოლო დარტყმის მიმღები მოკვდება, თუნდაც ეს ერთი დარტყმისგან განიცადოს, პატივისგან დაემხობა, როგორც უგუნური; ხოლო ამის ჩამდენი ერისკაცი ზიარებისგან განიკვეთოს. ჩხუბში უნდა გავიგოთ შეკამათება და არა ომი.
არისტინე. მკვლელი-კლირიკოსი დაემხობა პატივისგან; ერისკაცი კი დაისჯება უზიარებლობით.
ბალსამონი. საღმრთო სიწმიდის მსახურებს ევალებათ დაიოკონ თავიანთი მრისხანება, როგორც ეს ცხადი ხდება მოციქულთა 27-ე კანონიდან. აქ განწესება განსაზღვრავს იმ კლირიკოსის პატივისგან დამხობას, რომელიც მრისხანებით იქნება ძლეული და ვინმეს შეკამათების დროს მოკლავს. ხოლო თუ ვინმე იტყვის: არ უნდა დაემხოს პატივისგან ამდაგვარი, თუკი ნაცემი მხოლოდ ერთი დარტყმისგან გარდაიცვალა, რადგან ეს მკვლელობა, შესაძლოა, უნებლიე იყო, კანონმა დაამატა, რომ პატივი უნდა აეყაროს იმასაც, ვინც ერთი დარტყმით მოკლავს. წმიდა ბასილი დიდის სხვადასხვა კანონები პატივისგან ამხობენ კლირიკოსს, რომელიც ვინმე მოკლავს როგორი სახითაც გინდ იყოს. წაიკითხე ასევე ბასილიკონის 60-ე წიგნი, ტიტული 39-ე, თავი 1-ლი, გვერდი მე-3 და მე-5 თავი, მე-2 გტვერდი; ასევე წინამდებარე კრებულის მე-9 ტიტულის 26-ე თავი: იქ მოტანილია მითითებული კანონები. წაიკითხე ასევე წმიდა ბასილი დიდის მე-8, 11-ე, 43-ე, 54-ე, 55-ე, 56-ე, 57-ე კანონები, - და მათში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე იმას, რაც შეეხება სულს; რადგან სულიერი წყლულები უფრო საჭიროებენსაეკლესიო მკურნალობას, ვიდრე სამოქალაქოს.
სხვა განმარტებანი
პიდალიონი: თუ კლირიკოსი ჩხუბში ვინმეს დაჰკრავს და ერთი დარტყმით მოკლავს, დაემხოს პატივისგან თავისი გულფიცხობის გამო; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ამას, უზიარებლობით დაისაჯოს.
(VI მსოფლ. 91; ანკირ. 21–23; ათანასე დიდი, 1-ლი ეპისტოლე; ბასილი დიდი 2, 8, 13, 33, 43, 52, 54, 56, 57; გრიგოლ ნოსელი 5).
განმარტება:
თავიანთ 27-ე კანონში საღმრთო მოციქულები პატივისგან დაამხობენ კლირიკოსს, რომელიც სცემს ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს, ან ურწმუნოს, რომლებიც უსამართლოდ მოიქცნენ, როგორც ეს იმ კანონის განმარტებაში ვთქვით. ხოლო წინამდებარე კანონში მოციქულები განსაზღვრავენ, - თუ კლირიკოსი ჩხუბის ან კამათის დროს ვინმეს ერთხელ ხელს დაარტყამს და ამ ერთი დარტყმის დროს მოკლავს, პატივისგან უნდა დაემხოს (1) არა იმიტომ, რომ მან მხოლოდ ერთხელ დაარტყა მოკვლის განზრახვის გარეშე, არამედ იმისთვის, რომ იძლია მრისხანების მიერ და გამოავლინა გულფიცხობა და კადნიერება, რის გამოც ხელი აწია და დაარტყა, რაც კლირიკოსისთვის დაუშვებელია (არაფერი რომ არ ვთქვათ მკვლელობის უდიდეს მომაკვდინებელ ცოდვაზე, რომელიც მან აღასრულა). თუკი ასეთ მკვლელობას ჩაიდენს ერისკაცი, ზიარებისგან და მართალთა საკრებულოსგან უნდა განიკვეთოს.
შეთანხმება:
შენიშნე, რომ ბასილი დიდის მე-8 კანონის თანახმად, ერთი საქმეა - არა წინასწარგანზრახული მკვლელობა და სხვა - წინასწარგანზრახული, მესამე კიდევ - მკვლელობა, რომელიც დგას არა წინასწარგანზრახულსა და წინასწარგანზრახულს შორის, უმჯობესია ვთქვათ, რომელიც უახლოვდება წინასწარგანზრახულს. არა წინასწარგანზრახული მკვლელობა მაშინ ხდება, როდესაც ვინმე ისვრის ქვას, რათა მოერტყა ხისთვის ან ძაღლისთვის, და შემთხვევით ადამიანს მოარტყამს. წინასწარგანზრახული კი - როდესაც ადამიანი აიღებს დანას ან იარაღს, რათა ვინმე მოკლას: ასეთ ნებაყოფლობით მკვლელებს ეკუთვნიან ქურდები და ისინი, ვინც ომში მიდის.
გრიგოლ ნოსელის მე-5 კანონის მიხედვით წინასწარგანზრახული მკვლელობა - ეს ისეთი მკვლელობაა, რომელიც აღსრულდება წინასწარ მომზადებითა და მოფიქრებით. წინასწარგანზრახულ მკვლელობას მიახლოვებული კი ის მკვლელობაა (ბასილი დიდის განმარტებით), როდესაც ვინმე ჩხუბში უმოწყალოდ სცემს ვინმეს და ჯოხს ან ხელს დაარტყამს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილებში. ხოლო გრიგოლ ნოსელი ზემოთხსენებულ კანონში ასეთ მკვლელობასაც წინასწარგანზრახულად მიიჩნევს (2).
სწორედ ასეთი სახეობის მკვლელობას ეკუთვნის ის მკვლელობა, რომელსაც განიხლავს მოციქულთა წინამდებარე კანონი, - წინასწარგანზრახულს, წმიდა გრიგოლ ნოსელის მიხედვით, ან მიახლოვებულს წინასწარგანზრახულთან, ბასილი დიდის მიხედვით, - რადგან მკვლელმა, სრულიად გონებადაბინდული იყო რა მრსიხანებით, იარაღი გამოიყენა დარტყმის მისაყენებლად და უმოწყალოდ დაარტყა ადამიანს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილას.
მოკლედ რომ ვთქვათ, მკვლელობა, ფოტის "ნომოკანონის" მიხედვით (ტიტ. 9, თ. 26), უნდა შეფასდეს მკვლელის განწყობისა და განზრახვის შესაბამისად: ჰქონდა თუ არა მას განზრახული მკვლელობა; ხოლო განწყობა, თავის მხრივ, უნდა ფასდებოდეს იქიდან გამომდინარე, თუ როგორი იარაღი იყო გამოყენებული მკვლელობისას. ამიტომაც მრავალ შემთხვევაში იმას, ვინც დაარტყა, მაგრამ არ მოკლა, სჯიან მკვლელივით, რადგან მას მოკვლის განზრახვა ჰქონდა. და პირიქით, იმას, ვინც მოკლა, არ სჯიან, როგორც მკვლელს, თუკი მას მხოლოდ ხელის დარტყმა ჰქონდა განზრახული, და არა მოკვლა.
ამრიგად, განსხვავება ნებაყოფლობით და უნებლიე მკვლელობებს შორის დგინდება ორი ნიშნით: დამრტყმელის განწყობისა და გამოყენებული იარაღის მიხედვით (3).
წინასწარმზრახველ მკვლელებს მიეკუთვნებიან ასევე ის ქალები, რომლებიც ორსულ დედაკაცებს აძლევენ მცენარეულ წამლებს, რათა მოაკვდინონ ნაყოფი მათ მუცელში, ასევე ისინიც, ვინც იღებენ ამ მცენარეულ წამლებს, როგორც განსაზღვრავენ ამას VI მსოფლიო კრება თავის 91-ე კანონში, ანკირიის კრება 21-ეში, ბასილი დიდი მე-2 და მე-8 კანონებში. თუმცა ანკირიის 21-ე და ბასილი დიდის მე-2 კანონები მათ უფრო შემწყნარებლურად სჯიან: არა სიცოცხლის ბოლომდე, არამედ ათი წლით.
წინასწარმზრახველ მკვლელებს მიეკუთვნებიან ის ქალებიც, რომლებიც ვინმეს აძლევენ შინაურ, მცენარეულ წამალს იმ მიზნით, რათა თავიანთი სატანური სიყვარულით დაატყვევონ, რადგან ეს მცენარეული წამლები მიმღებში იწვევს გონების დაბნელებას, ხშირად კი სიკვდილსაც, როგორც ამას აჩვენებს ბასილი დიდი ზემოთხსენებულ მე-8 კანონში.
ქალი, რომელიც უგულებელყოფს თავის შვილს იმდენად, რომ ის მოკვდება, მკვლელად ჩაითვლება ბასილი დიდის 33-ე და 52-ე კანონების მიხედვით. იოანე მმარხველი 26-ე კანონში ამბობს, რომ ვინც თავიანთ ჩვილებს ეკლესიის კარებთან ტოვებენ მკვლელებად მიიჩნევიან. არმენოპოლი (კანონთა მოკლე გადმოცემა, განყოფილება მე-6) ამატებს, რომ იგივეა განსაზღვრული კრებითი დადგენილებით. ხოლო იოანე მმარხველი 23-ე კანონში ამბობს, რომ დედა, რომელსაც თავის შვილზე დაეძინება და დაახრჩობს, მკვლელად ჩაითვლება, თუნდაც ეს მისი დაუდევრობის ან შეუკავებლობის გამო მოხდეს.
ბასილი დიდი 43-ე კანონში ამბობს, რომ ვინც მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა თავის ძმას - მკვლელია, და არა აქვს მნიშვნელობა პირველად მან დაარტყა თუ მისმა ძმამ.
უნებლიე მკვლელობისთვის ანკირიის კრების 23-ე კანონი სჯის 7 ან 5 წლით, ხოლო ბასილი დიდი 57-ე კანონში - 11 წლით (4). კანონში ეს უკანასკნელი ასევე ამბობს, რომ არა წინასწარგანზრახული მკვლელობის სასჯელად საკმარისია ის წლებიც, რომელიც ადამიანმა უზიარებლობაში გაატარა. გრიგოლ ნოსელი თავი მე-5 კანონში უზიარებლობის სჯის 9 წლის განმავლობაში, ხოლო იოანე მმარხველი თავის 20-ე კანონში - 3 წლით.
წინასწარგანზრახული მკვლელობისთვის ანკირიის კრება თავის 22-ე კანონში მკვლელს ზიარებისგან განაშორებს მთელი ცხოვრების განმავლობაში; ხოლო ბასილი დიდი 56-ე კანონში 20 წლით, გრიგოლ ნოსელი მე-5 კანონში - 27 წლით, იოანე მმარხველი კი 20-ე კანონში - 5 წლით. ის კლირიკოსები, რომლებიც სცემენ და მოკლავენ მათზე თავდამსხმელ ავაზაკებს, ბასილი დიდის 55-ე კანონის თანახმად დაემხობიან თავიანთი პატივისგან.
გრიგოლ ნოსელიც თავის მე-5 კანონში ამბობს, რომ თუკი ვინმემ არა წინასწარგანზრახვითაც რომ მოკლას ადამიანი - ის მღვდლობის მადლის უღირსად უნდა ჩაითვალოს. და საერთოდ, ყველა ის კლირიკოსი, რომლებიც კლავენ, წინასწარგანზრახვით იქნება ეს თუ წინასწარგანზრახვის გარეშე, თავიანთი ხელით იქნება ეს თუ სხვებს მოუწოდებენ მოსაკლავად, პატრიარქ კონსტანტინე ხლიარინოსის განსაზღვრების შესაბამისად დაემხობიან პატივისგან (5).
ვინც ომში წავა და მტრებს ღვთისმოშიშების, უბიწოებისა და თავის ძმათა საზოგადო მშვიდობის გამო მოკლავს, ათანასე დიდის თანახმად (ეპისტოლე ამონ მონაზვნისადმი), ქების ღირსნი არიან (Athanas. Alex. Ad Amun. // PG 26, 1173B), ხოლო ბასილი დიდი თავის 13-ე კანონში სამი წლით განაკანონებს მათ ზიარებისგან, რადგან მათი ხელები სისხლშია მოთხვრილი. ამ მოჩვენებითი წინააღმდეგობის გადაწყვეტა იხილე ბასილი დიდის 13-ე კანონის შენიშვნებში (6).
შენიშვნები:
1. შენიშნე, რომ მას თუმც მხოლოდ პატივს ჰყრიან და არ განკვეთენ მართალთა ლოცვიდან ეკლესიაში, მაინც არ ეძლევა უფლება მართლებთან ერთად მიიღოს ზიარება იმდენი ხნით, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის მღვდელმთავარი ან სულიერი მოძღვარი, როგორც ეს ვთქვით მოციქულთა 25-ე კანონის განმარტებაში.
2. ფოტის "ნომოკანონის" მიხედვით (ტიტლ. 9, თ. 25), მკვლელობაში დამნაშავეა მეწამლეც, რათა მოაკვდინოს ადამიანი, წამლის გამყიდველიც და წამლის თავისთან შემნახველიც, რადგან არანაირი განსხვავება არ არის მკვლელი იქნება ადამიანი თუ მკვლელობისკენ წამქეზებელი.
მეწამლეობით მკვლელობა უფრო მძიმეც კია, ვიდრე მახვილით. შედეგად, ორივე მკვლელი უნდა დაექვემდებაროს ერთნაირ სასჯელს, "ბასილიკონის" 60-ე წიგნის (თ. 12, 36-ე და 39-ე ტიტლ.). პატრიარქ ფოტის თანახმად, მკვლელობაში ბრალდებული იქნება ისიც, ვინც გაუფრთხილებლად მისცემს ვინმეს წამალს (თ. 25, ტიტლ. 9).
თუკი ადამიანის ცემაში მონაწილეობდნენ ბევრნი, მაგრამ ცნობილი იქნება, მათგან ვინ მოკლა ადამიანი, ყველა მათგანი "ბასილიკონის" 60-ე წიგნის მიხედვით (ტიტლ. 56) მკვლელის ბრალდებით უნდა გასამართლდნენ. მკვლელობის ჩამდენს უნდა ჩამოერთვას ქონება, ცოლის მზითევი, საქორწილო საჩუქრები და წილი, რომელიც მისი შვილების მემკვიდრეობას წარმოადგენს, ხოლო დარჩენილი ქონება უნდა გაიყოს სამნაწილად: ორი ნაწილი მისცენ მოკლულის ცოლსა და შვილებს, ხოლო ერთი დაიტოვოს (არმენოპოლი, წიგნი მე-6, თ. მე-6).
"მოციქულთა დადგენილებების" თანახმად (წიგნი მე-7, თ. მე-2), ხელმძღვანელს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მკვლელობისთვის, რომელიც მან კანონიერად და სამართლიანად ჩაიდინა (PG 1, 997D). მიაქციე ყურადღება, რომ მკვლელივით განიკითხავენ იმ ადამიანსაც, რომელიც ჭირის დროს, იცის რომ სნეულია, დადის სახლებში და ქალაქებში, ასნებოვნებს სხვებსაც და მრავალთა სიკვდილის მიზეზი ხდება.
3. უსარგებლოდ და ამაოდ როდია გათვალისწინებული დამრტყმელის მიერ გამოყენებულ იარაღთან ერთად მისი განწყობა, რადგან, ღვთაებრივი ბასილის მიერ (სამოღვაწეო განაწესი. თ. 13), მკვლელებიც და ექიმებიც სარგებლობენ დანით, მაგრამ სხვადასხვა აქვთ განწყობა და მიზანი: მკვლელები დანებს ადამიანთა მოსაკლავად იყენებენ, ხოლოდ ექიმები - სამკურნალოდ (PG 31, 1376C).
4. ბასილი დიდი თავის 57-ე კანონში უნებლიე მკვლელს სჯის არა 11, არამედ 10 წლით.
5. ამ პატრიარქოს დროს კრებითად გადაწყდა და დაწესდა, რომ ის, ვისაც შესაძლებლობა აქვს გაიქცეს და თავი გადაირჩინოს ავაზაკთა თავდასხმისგან, მაგრამ არ გაიქცევა, დარჩება და წინასწარგანზრახვით მოკლავს ავაზაკს, დაისჯება როგორც მკვლელი, ეპითიმია კი სამ წელზე მეტით განესაზღვრება. ხოლო ის, ვინც გაძლიერებული მონდომებით დაიწყებს ავაზაკის ძიებას, იპოვის მას და მოკლავს საზოგადო სარგებლობისთვის, დაჯილდოვდეს. მაგრამ უდიდესი უსაფრთხოებისთვის უფრო გონივრულად მიიჩნიეს, რომ ასეთიც ეპითიმიას დაუქვემდებარონ სამი წლით. ბალსამონი კი ამატებს, რომ უნახავს მღვდელი, რომელიც პატივისგან დამხობილი იყო შემდეგი მიზეზით: ერთხელ ამ მღვდელს საკუთარი წიგნის გამო კამათი ჰქონია სხვა მღვდელთან, რომელსაც წიგნის წართმევის დროს კრუნჩხვა დაეწყო და მოკვდა. უნახავს ასევე ერთი მღვდელმონაზონი, რომელსაც პატივი აჰყარეს იმის გამო, რომ შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ბერს, რომელმაც ეს ვერ აიტანა, მძიმედ ამოიოხრა და კვნესით აღმოხდა სული. უნახავს ასევე მღვდელმთავარი, რომელიც განკვეთეს მღვდელმთავრობისგან იმის გამო, რომ ომის დროს მოკლა აგარიანელი, რომელმაც მასზე ხმალი ასწია.
6. ნუთუ საჭურველთმტვირთველი და ჯალათი, რომელიც მმართველის მახვილს ატარებს, მოციქულის თქმით, "ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ ... რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ" (რომ. 13:4), - და, ვამბობ, უნდა ისჯებოდეს თუ არა ეპითიმიით? ოქროპირის თანახმადაც ხომ მკვლელია არა ის, ვისაც განაჩენი გამოაქვს და ვინც სიკვდილს უსჯის დამნაშავეს, არამედ მკვლელია თავად მისჯილის დანაშაული (მე-7 ჰომილია კორინთელთა მიმართ მე-2 ეპისტოლეზე) (Ioan. Chrysost. Hom. in Ер. II ad Cor. 7. 1 // PG 61, 442); დიახ, მან სასჯელი უნდა იტვირთოს ორი მიზეზით: ჯერ-ერთი, იმიტომ, რომ ის მკვლელობისა და ბოროტმოქმედების შემძლე აღმოჩნდა, როგორც ერთგვარი ბოროტი ძალა და ჭურჭელი, რომელიც ემსახურება არა პატივს, არამედ უპატივობას (იხ. 2 ტიმ. 2:20); ემსახურება არა იმას, რაც ღმრთის კეთილნებელობითა და ღვთივსათნოებით ხდება, და როგორც ბასილი დიდი ამბობს, რომლისადმი ჩვენც ქედს უნდა ვიდრეკდეთ მისი სახიერების მიმბაძველნი (იხ. მოკლე განწესებანი, კანონი 276), არამედ იმას, რაც ღმრთის დაშვებით ხდება. იმავე ბასილის თანახმად (იქვე), ღმერთს არ სურს, რათა ჩვენ ამის ხელშემწყობნი ვიყოთ (PG 31, 1273C–1276A.), ვდევნოთ ის, ვისაც გვემს ღმერთი და მის გვემილთა სატკივარს ამრავლებენ (იხ. ფსალმ. 68:27). თუმცა ღმერთი იმათაც იყენებს, ვინც საკუთარი ნებით გახდნენ ბოროტნი, - ან დემონებს ან ადამიანებს, - როგორც იარაღს ცოდვილთა შესაგონებლად, ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ, ოღონდ ღმერთი მაინც უგულებელყოფს მათ და ზურგს აქცევს ბრძენი სინეზიუსის თანახმად, რადგან ისინი ზიანს აყენებენ სხვებს, მტრობენ და ანადგურებენ ღმრთის ქმნილებებს (Synes. Ptolem. Ep. 57 // PG 66, 1384ACD–1385A).
მეორეც, ჯალათს და საჭურველთმტვირთველს ან დემონს, რომლებიც სჯიან ადამიანებს, არა აქვთ იმისი აზრი, რომ იმით, ადამიანებს რომ კლავენ, ღმერთს ემსახურებიან, არამედ, გააჩნიათ რა ბოროტი ნებელობა, იმავე სინეზიუსის თქმით, ხარობენ სხვათა უბედურებებისა და სისხლისღვრის გამო.
და ბოლოს, ჯალათი ვერ გაექცევა სასჯელს იმის გამო, რომ მოკლა ისინი, ვისაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რადგან მსგავსადვე შეიძლება იუდაც გამართლდეს. რადგან საყოველთაო ცხონებისთვის ქრისტეს ჯვარცმა აუცილებელი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვაი მას, ვისი მიზეზითაც ის ჯვარს აცვეს (Synes. Ptolem. Ер. 57 // PG 66, 1385А). თუკი ოქროპირი ამბობს (გალატელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტება. თ. მე-5), რომ არავის სძულს იარაღი და ზურგს არ აქცევენ მას, არამედ სძულთ და ზურგს აქცევენ იმას, ვინც ამ იარაღს იყენებს (Ioan. Chrysost. Hom. in Gal. 5. 5 // PG 61, 671.), ამას ის ამბობს უსულო იარაღთა, და არა ცოცხალ და გონიერ ქმნილებათა მიმართ, როგორიცაა საჭურველთმტვირთველი. ამრიგად, აქედან ჩანს, რომ სასჯელთა აღმასრულებლებსა და ჯალათებსაც უნდა დაედოთ ეპითიმიები.
დაუსჯელად არ უნდა დარჩნენ ისინიც, ვინც ჯალათებთან ერთად დადიან სასჯელთა საყურებლად, რადგან ამით ავლენენ სისატიკეს, სურთ უყურონ ადამიანთა მოკვდინებას და სისხლისღვრას, თუმცა საკმარისია მარტო წარმოიდგინო ეს სანახაობა, რომ შეძრწუნდე.