Перейти к контенту

საეკლესიო სამართალი - მართლმადიდებლურ ეკლესიაში არამართლმადიდებელ ქრისტიანთა მიღების წეს-განგებანი - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
მართლმადიდებლურ ეკლესიაში
არამართლმადიდებელ ქრისტიანთა მიღების წეს-განგებანი
უფალი და მაცხოვარი - იესუ ქრისტე
ავტორი: ეპ. სერგი (სერაფიმოვი).


 
 
წინათქმა

 საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციისგან
 
მართლმადიდებლურ ეკლესიაში სხვადასხვა ტიპის მწვალებელთა მიღების თემა დღემდე აქტუალურია და ალბათ ასე იქნება სამყაროს აღსასრულამდე. სამწუხაროდ, ამ საგანზე საქართველოში მრავალ არათუ ერისკაცს, არამედ სასულიერო პირსაც კი ჯეროვანი წარმოდგენა არ გააჩნია. არ არსებობს ერთიანი პრაქტიკა ერთი და იგივე მწვალებლობიდან თუ სქიზმიდან მოქცეულთა მიღების საკითხში და ხშირად მათ სხვადასხვაგვარად, ურთიერთგამომრიცხავი წესით იღებენ. მსგავსი მდგომარეობა შეიძლება ვნახოთ სხვა მართლმადიდებურ კონფესიებშიც. ანუ, როგორც ოფიციალურ, ასევე არაოფიციალურ ეკლესიურ თემებში არ არსებობს ერთიანი და სწორი წარმოდგენა ამ საგანზე. არადა ის დიდი ხანია, რაც გარკვეულია და ჩამოყალიბებულია როგორც მართლმადიდებლური ეკლესიიკენ მოქცეულ მწვალებელთა მიღების საფუძველი. სწორედ მასზე დაყრდნობით იღებს ეკლესია მწვალებლებსა და სქიზმატიკოსებს საკუთარ წიაღში.
 
მოცემულ საგანზე მრავალი საინტერესო ნაშრომი არსებობს და ჩვენ მათ მომავალში აუცილებლად შევეხებით, ხსენებულ თემას კი დავიწყებთ გასული საუკუნის დასაწყისში, რუსეთის ოფიციალური ეკლესიის ეპისკოპოსის, სერგი სერაფიმოვის წინის (О правилах и чинопоследованиях принятия неправославных в Православную Церковь - 1904) ნაწილობრივი გამოქვეყნებით. ნაწილობრივით იმიტომ, რომ ხშირად მწვალებელთა მიღების თემას რეფორმატორული და მოდერნისტული ეკლესიები უდგებიან მათთვის ხელსაყრელი პირობებიდან და ვითარებებიდან გამომდინარე. ამიტომაც, მათში ზოგიერთი ფაქტი ან მიჩქმალულია ან საერთოდ გამოტოვებულია. ჩვენ ამ წიგნიდან ავიღეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად სასარგებლოდ ჩავთვალეთ. ეს არის ძველ მსოფლიო კრებათა დროინდელი ეკლესიის მიერ პირველი საუკუნიდან ვიდრე მერვე საუკუნემდე პერიოდში ჩატარებული უდიდესი სამუშაო, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მწვალებლობათა კატეგორიები და ისიც, ამა თუ იმ კატეგორიიდან გადმოსული მწვალებელი როგორ უნდა შევიწყნაროთ ეკლესიაში.
 
ამიტომაც, ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს სწორედ ძველი ეკლესიის ეპოქა წარმოადგენს. ამონაწერებიც სწორედ ამ ეპოქას ეხება, სადაც კარგად არის ნაჩვენები ეკლესიაში მწვალებელთა მიღების წეს-განგებების ჩამოყალიბების პრინციპები.


* * *
 
შესავალი
 
ქრისტეს ეკლესიაში ოდითგანვე გაჩნდნენ ცრუწინასწარმეტყველნი და მაცთურნი, რომელთა შესახებაც უფალი ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს და, რომელთა საცთურთაგან თავის დაცვას ამცნებდა (იხ. მათე 24:4, 5, 11). ესენი იყვნენ ყალბი ძმები, ერთი სარწმუნოებისგან და სულიწმიდისგან განდრეკილები, ღმრთის ეპისკოპოსთა და მღვდელთა მოძულენი, რომლებმაც გაბედეს სხვა საკურთხევლის აღმართვა და სხვა ლოცვების აღვლენა, რომელთაგან თავდაცვას თავიანთ მოწაფეებს აფრთხილებდნენ უკვე მოციქულებიც (გალატ. 2:4; 1 კორინთ 3; იუდ. 19 და სხვა.). მაგრამ, ამავდროულად, ამ მწვალებელთა გამოჩენისთანავე აღმოცენდა საკითხი, თუ როგორ მიეღოთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ის მწვალებლები, რომლებიც გულწრფელი სინანულით გმობდნენ თავიანთ ცთომილებებს და გულწრფელი სინანულით ეძიებდნენ დაბრუნებას დედა-ეკლესიაში.
 
სხვადასხვა ჯურის არამართლმადიდებელთა გამოჩენა მოციქულთა დროებამდე მიდის, და მართლმადიდებლურ ეკლესიაში მათი მიღების პირველი კანონებიც სწორედ მოციქულებს ეკუთვნით. მაგრამ, რადგან მოციქულთა კანონები სრულად არ მოიცავდნენ ყველა სახეობის მწვალებელთ, ხოლო დროთა განმავლობაში ისინი სულ უფრო მრავლდებოდნენ და მათი სწავლებებიც მრავალგვარი იყო, აუცილებელი გახდა დაწერილიყო ახალი კანონები, რომლებიც უფრო მეტი სიზუსტით და სიმკვეთრით განსაზღვრავდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში სხვადასხვა სახის არამართლმადიდებელთა მიღების საკითხს.
 
ამგვარი განმსაზღვრელი კანონები ჩნდება IV ს-დან მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე, ასევე წმიდა მამათა თხზულებებში, რომლებიც თანდათანობით, მომდევნო ოთხი საუკუნის განმავლობაში ისე ჩამოყალიბდა, რომ VII მსოფლიო კრებაზე, როდესაც მართლმადიდებლობაში ხატმებრძოლთა მიღების საკითხი იდგა, ეკლესიის მამები უკვე მზა კანონებითა და ეკლესიის მაგალითებით ხელმძღვანელობდნენ.
 
ამ კანონებში მწვალებელთა ერთი კატეგორია მკაფიოდ არის განცალკევებული სხვა კატეგორიებისგან და, ამიტომაც, მწვალებლობათა არსისა თუ ხასიათის მიხედვით განისაზღვრება მართლმადიდებლურ ეკლესიაში მწვალებელთა მიღების მეთოდებიც.
 
კერძოდ, ზოგს ეკლესია იღებდა სრული ნათლისღებით; სხვებს - მირონცხებით; დანარჩენებს კი - მხოლოდ თავზე ხელის დადებით, ნიშნად იმისა, რომ ეკლესიისკენ მოქცეული მწვალებელი ინანიებდა თავის ცოდვას და საჯაროდ უარყოფდა, როგორც საკუთარ, ასევე სხვა მწვალებლობებსაც. დაწესებულ იქნა ასევე როგორ უნდა ყოფილიყვნენ მიღებულნი მწვალებელთა კლირიკოსები - თავიანთსავე ხარისხებში, რომლებიც მიღებული ჰქონდათ მათ მართლმადიდებლობაში მოქცევისკენ, თუ - როგორც უბრალო ერისკაცები.
 
ასე რომ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მწვალებელ კლირისკოსთა და ერისკაცთა მიღების ფორმები და მეთოდები VIII ს-ის მიწურულისთვის სრულიად გადაწყვეტილი იყო. მაგრამ, იმის შემდეგ, რაც აღმოსავლეთის ეკლესიას გამოეყო დასავლეთი (XI ს.) ჩნდება არამართლმადიდებელთა ახალი სახეობა - რომაელი კათოლიკეები და მათგან გამოყოფილი მრავალი სახეობის პროტესტანტი. აქედან გამომდინარე, საკითხი, თუ როგორ უნდა მიეღოთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მათგან მოქცეულნი გადაწყვეტას ითხოვდა და, მართლაც, არაერთხელ წამოიჭრა იგი, როგორც ბერძნულ, ასევე რუსულ ეკლესიაში, და განსაკუთრებული დადგენილებების მიღების მიზეზიც გახდა. თუ როგორი იყო ეს დადგენილებები ამა თუ იმ პერიოდში, როგორ ეხებოდნენ ისინი ძველი ეკლესიის კანონებს და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ უკანასკნელის პრაქტიკას იმ განსაზღვრებათა ჩამოყალიბების საქმეში, რომელიც შემდეგ ინერგებოდა ან ერთ ან მეორე ეკლესიაში, - დავინახავთ მოგვიანებით; აქ კი მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ 18-ე საუკუნის მეორე ნახევრამდე დასავლელ ქრისტიანთა მიღების პრაქტიკა, როგორც ერთ, ასევე მეორე ეკლესიაში (1) ძირითადად ერთნაირი იყო, ზოგიერთი შემთხვევის გამოკლებით.
_______________
 
1. იგულისხმებიან ბერძნული და რუსული ეკლესიები - "აპოკ." რედ.
 
_______________
18-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან კი ეს თანხმიერება დაირღვა და დღემდე ამ მდგომარეობაშია. რუსეთში, ძველი კანონებიდან და მსოფლიო ეკლესიის საუკუნეობრივი პრაქტიკიდან გამომდინარე, დასავლელ ქრისტიანებს, მათი ცთომილების ხარისხის შესაბამისად, იღებდნენ ნათლისღების გარეშე, მაგრამ ან მირონცხებით ან კიდევ მხოლოდ სინანულით. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კლირიკოსებს უნარჩუნდებოდათ თავიანთი ხარისხებიც (2).

_______________

2. ავტორის მიერ აღწერილი ვითარება, რომელიც ეხება დასავლელ ქრისტიანთა მართლმადიდებლობაში მიღების საკითხს, არაზუსტად არის გადმოცემული. თუ ადრე მართლმადიდებლობისკენ გადმოსულ ლათინებს იღებდნენ მირონცხებით, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ისინი იმ დროს არ არღვევდნენ ნათლისღების საიდუმლოს და ნათლავდნენ წყალში სრული სამგზისი შთაფლვით. მაგრამ 17-18-ე საუკუნეებში ლათინებმა თავიანთ წიაღში საყოველთაოდ დაამკვიდრეს წყალპკურებითი ნათლობა, რამაც მართლმადიდებლობაში მათი მიღების პრაქტიკა შეცვალა. ამ პერიოდიდან მათ უკვე იღებდნენ ნათლისღებით და არა მირონცხებით. ეს კარგად არის ასახული ამ პერიოდის რუსულ და ბერძნულ, ასევე ქართულ საეკლესიო დადგენილებებსა და ცალკეულ სასულიერო პირთა თხზულებებში. – "აპოკ." რედ.
_______________

ბერძნულ ეკლესიაში, პირიქით, კონსტანტინოპოლის 1756 წლის კრებიდან მოყოლებული, ძალაში რჩება წესი - რომაელი კათოლიკეები და პროტესტანტები მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში მიიღონ სრული ნათლისღებით, ხოლო კლერიკოსები თავიანთი ხარისხების გარეშე, როგორც ერისკაცები.
 
ეს და სხვა ვითარებები უთითებს იაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საეკლესიო კანონთა გამოკვლევა და მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ მწვალებელთა მიღების საკითხში ეკლესიის პრაქტიკის ცოდნა, რათა ეკლესიის სჯულიერება და პრაქტიკის კანონიერება შუსაბამო არ აღმოჩნდეს დიდ სჯულისკანონთან და საყოველთაო ეკლესიის პრინციპებთან.
 
წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ, შეძლებისდაგვარად, საეკლესიო კანონთა და დადგენილებათა განმარტებებთან ერთად, რომლებიც განსაზღვრავენ მწვალებელთ განსხვავებული მეთოდებით მიღების წესებს, გვეჩვენებინა ის საძირკვლებიც, რომლებსაც დროთა განმავლობაში ეფუძნებოდა ეს დადგენილებები, ასევე გვეჩვენებინა ის მიზეზები, რომელთა გამოც ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიაში არსებობდა გადახრა საზოგადოდ მიღებული წესისგან.
 
 
 
ნაწილი პირველი
 
მართლმადიდებლურ ეკლესიაში არამართლმადიდებელ ერისკაცთა მიღების წესები
 
 
ა) წმიდა მოციქულთა განწესებები და ეკლესიის პრაქტიკა პირველ სამ საუკუნეში. - მოციქულთა 46-ე და 47-ე კანონების აზრი. რომის, მცირე აზიის და აფრიკის ეკლესიათა პრაქტიკა პირველ სამ საუკუნეშის. პირველ და უკანასკნელ ეკლესიათა სხვაობა არამართლმადიდებელ ქრისტიანთა მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღების საკითხში. წმ. კვიპრიანე კართაგენელის დავა რომის ეპისკოპოს სტეფანესთან და, რომის ეკლესიის საპირისპიროდ, აფრიკის ეკლესიათა დადგენილებები ყველა არამართლმადიდებელთა ნათლისღებით მიღების შესახებ. წმ. დიონისე ალექსანდრიელის შუამავლობა.
 
რომისა და აფრიკის ეკლესიათა სხვადასხვა კანონების სფუძვლები და მტკიცებულებები, რომლებიც მოჰყავდათ საკუთარ შეხედულებათა დასაცავად - ერთი მხრივ წმ. კვიპრიანეს და მის თანამოაზრე აფრიკელ და მცირე აზიელ ეპისკოპოსებს, და მეორე მხრივ, რომის ეპისკოპოს სტეფანეს.
 
 
***
   
 
1. წმ. მოციქულთა კანონები და ეკლესიის პრაქტიკა პირველი სამი საუკუნის განმავლობაში
 
 
მართლმადიდებლური ეკლესიის ძველ კანონთა შორის, რომლებიც არამართლმადიდებელ ერისკაცთა მიღების წესს განსაზღვრავენ, უპირველესი ადგილი უკავიათ მოციქულთა 46-ე და 47-ე კანონებს, რომელთაგან პირველის (46-ე) განკარგულებით პატივი ეყრება იმ ეპისკოპოსს ან პრესვიტერს, რომელიც მიიღებს მწვალებელთა ნათლობას ან მსხვერპლს, ხოლო მეორე (47-ე), პატივს ჰყრის იმ ეპისკოპოსს ან პრესვიტერს, რომელიც კვლავ მონათლავს ერთხელ უკვე ჭეშმარიტად ნათელღებულს ან თავიდან არ მონათლავს უკეთურთაგან შებილწულს (ანუ ერეტიკოსს), - კერძოდ:
 
"თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა მიიღოს ერეტიკოსის მონათვლა ნათლისღებად ან მის მიერ შეწირული მსხვერპლი, მის დამხობას* ვბრძანებთ" (კან. 46).
 
"თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ხელახლა მონათლოს ჭეშმარიტად ნათელღებული ან განმეორებით არ მონათლოს ის, ვინც უღმერთოთაგან შემწიკვლულია (მათი ნათლისცემით), დაემხოს, როგორც ჯვრისა და საუფლო სიკვდილის მოკიცხარი, და არ გამრჩევი მღვდლისა ცრუმღვდლისგან" (კან. 47).
 
_________________________
 
* საეკლესიო განწესებათა ქართულ გამოცემებში ამ ადგილას გამოყენებულია სიტყვა "განიკვეთოს". ეს ტერმინი ასევე გამოიყენება ზიარებისგან განკვეთის შემთხვევაშიც. რადგან ერთი ტერმინით (განკვეთა) სხვადასხვა მოქმედების აღნიშვნამ შეიძლება გარკვეული გაუგებრობები გამოიწვიოს, სასულიერო პირთა პატივაყრის აღსანიშნად ვიყენებთ ტერმნის "დაემხოს" (სლავ. რჯულისკანონშია "да будет извержен": ბერძნულად - καθαιρείσθω).
 
_________________________
 
მაგრამ დამოწმებული კანონებიდან არ ჩანს აქ კონკრეტულად რომელი მწვალებლები უნდა ვიგულისხმოთ - ყველანი, თუ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის? მწვალებელთა ყოველგვარი ნათლობა უნდა ჩავთვალოთ არაჭეშმარიტად? შედეგად, ნებისმიერი მწვალებელი თავიდან უნდა მოვნათლოთ მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მისი მოქცევის შემთხვევაში, თუ არა? ამგვარი განუსაზღვრელობა გახდა მათი სხვადასხვაგვარი გაგებისა და განმარტების მიზეზიც; ზოგიერთებს ეს კანონები ესმოდათ და ესმით საკმაოდ ვრცელი გაგებით, და მწვალებლებში, რომელთა ნათლობაც აქ უარყოფილია, ყველა არამართლმადიდებელს გულისხმობენ (გამონაკლისის გარეშე), როგორიც გინდ იყოს მათი ცდომილება. ამიტომ ისინი უმოქმედოდ მიიჩნევენ ყოველგვარ ნათლობას, რომელსაც არამართლმადიდებელნი აღასრულებენ.
 
დამოწმებული კანონების სწორედ ასეთი გაგებაა გამოთქმული კონსტანტინოპოლის 1756 წლის კრებაზე (1), ბერძნული პიდალიონის განმარტებაში (2), 1620 წლის რუსი იერარქების კრებაზე (3) და ჩვენი "ბეზპოპოვეცი" სქიზმატების თხზულებებში (4).
 
_________________________
 
1. Σύνταγμα τῶν θείων καὶ ἱερῶν κανόνων – ὑπὸ Ράλλη καὶ Ποτλῆ, Τ. V. σ. 614 (რალესა და პოტლეს "ღვთაებრივ და წმიდა კანონთა სინტაგმა"). იხ. ასევე: Ἐπιτομὴ τῶν θείων δογμάτων – Ἀναστασίου τοῦ Παρίου, 1806 г. σ. 350-352 (ათანასე პაროსელი. საღმრთო დოგმატთა მოკლე გადმოცემა). ამის შესახებ უფრო დეტალურად ნათქვამი იქნება ქვემოთ.
 
2. Πηδάλιον. a. 33–36 ("პიდალიონი"), 1-ლი შენიშვნა მოც. 46-ე კანონთან დაკავშირებით (46-ე და 47-ე კანონებთან და, ასევე, ნიკოდიმე მთაწმინდელის განმარტებებთან დაკავშირებით იხ. სტატია: სქიზმატიკოსთა ნათლობა: ნიკოდიმე მთაწმინდელი - მიღების წეს-განგებათა იკონომიური თეორიის წინააღმდეგ - "აპოკ." რედ.)
 
https://www.apocalypse.ge/saeklesio_samartali_schismatikosta_natloba_nikodime_mtacmindeli_migebis_wes_gangebata_ikonomiuri_teoriis_winaamgdeg.html
 
3. Соборное изложение Патриарха Филарета в Требнике 1651 г., л. 565 обор.
 
4. იხ. მაგ. მოსკ. სასულიერო აკადემიის ხელნაწერი "Цветик или о поливательном крещении": "показание от правил святых соборов, Св. Апостол и Св. Отцов, яко приходящих от еретик Латин, Люторов и Кальвин, Ляхов и Хохлов и прочих подобных им еретиков подобает совершенно крестить в три погружения, якоже нижеписанные вины показуют, – именно: первая причина: правила Св. Апостол 46-е и проч" ("წმიდა კრებათა, წმ. მოციქულთა და წმ. მამათა კანონების მოწმობა იმის შესახებ, რომ მწვალებელ ლათინთაგან, ლუთერანთაგან და კალვინელთაგან, ასევე პოლონელთა (Ляхи), უკრაინელთაგან (Хохлов) და მათ მსგავს მწვალებელთაგან გადმოსულნი სრულიად უნდა მოინათლონ სამგზისი შთაფლვით, როგორც ქვემოთაღწერილი მიზეზები აჩვენებენ. კერძოდ, პირველი მიზეზი: წმ. მოციქულთა 46-ე კანონი..." და სხვა).
 
იხ. ასევე ხელნაწერები: "ბეზპოპოვცური" "Кормчая" ("მესაჭე წიგნი", იგივე რჯულის კანონი), რომელიც ეკუთვნის კოსტრომას სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკას, სტატიაში "ნათლისღების შესახებ", ფურც. 1-22 და "ბეზპოპოვცების" სხვა თხზულებები, რომლებიც ყველგან დღემდე ამბობენ, რომ "ლათინები, ლუთერანელები, კალვინელები და სხვა მათი მსგავსი მწვალებლები სრულიად უნდა მოინათლონ სამგზისი შთაფლვით, რადგან თურმე "ლათინი პაპისტები ყველა მწვალებლებზე უბილწესი და უსაზიზღრესნი არიან".
 
_________________________
 
სხვათა განმარტებით, მოციქულთა მითითებულ კანონებში იგულისხმებიან მხოლოდ ის მწვალებლები, რომელთაც არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ სარწმუნოების არსებით დოგმატებზე ან უარყოფდნენ ამ დოგმატებს, როგორც მაგალითად, დოგმატს წმიდა სამების შესახებ, ღმრთის ძის განკაცების შესახებ, საიდუმლოთა შესახებ და სხვა. ამის გამო მათ არ შეიძლებოდათ ჰქონოდათ ჭეშმარიტი საიდუმლონი და, კერძოდ, ნათლისღების საიდუმლო; ამგვარი მწვალებლები პირველ სამ საუკუნეში იყვნენ სიმონიანელები, მენადრეველნი, კერინთოსიანნი, ებიონები და სხვა. ამ აზრით არის მიღებული ეს კანონები მოსკოვის 1667 წლის დიდ კრებაზე (5) და სინოდის მიერ გამოცემულ წიგნში "კანონთა წიგნი" (Книга правил) (6).
 
_________________________
 
5. ამ კრების საქმეებში ნათქვამია: "По сим апостольским правилам 49-му и 50-му поразумети подобает: глаголют бо оные правила крещение и жертву еретическу и крещение во едино погружение, явно есть, о тех еретиках глаголют, иже Божией веры отнюдь отчуждишася, их же и последующие правила повелевают крестити, а не о тех, иже крещаются во имя Отца и Сына и Св. Духа, противятъ же Ее иными некими расколы или ересьми". См. Дополн. к Антич. Историч., издан. Археограф. Коммис. Т. 5, СПб., 1853. с. 495.
 
(ქართ.: "მოციქულთა 49-ე და 50-ე კანონების მიხედვით: მწვალებელთა მსხვერპლი და ერთგზისი შთაფლვა, მეტყველებენ იმ მწვალებლებზე, რომლებიც გაუცხოებულნი არიან საღმრთო რწმენისგან, სწორედ მათ თავიდან გადანათვლას განაწესებენ კანონები, და არა იმათსას, ვინც ინათლება მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, თუმცა ეწინააღმდეგებიან მას (ეკლესიას - "აპოკ." რედ.) განხეთქილებებითა და სხვა სახის მწვალებლობებით").
 
6. Книга правил. Изд. 1843. С. 18, იხ. შენიშვნა მოც. 46-ე კანონთან დაკავშირებით.
 
_________________________


გაგრძელება იქნება.


_________________________

თარგმანი: საიტ "აპოკალიფსისის" რედ. თბილისი 2025 წ.

წყარო: О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в православную церковь. Ист.-канон. исслед. Сергия, еп. Вятского и Слободского, с прил. ст.: О разночтениях 95-го правила 6-го Вселенского собора 1904. - 4-е изд. - Астрахань 1904.
Назад к содержимому