Перейти к контенту

განმარტება - "ბაბილონის მეძავი" და წინასწარმეტყველება "ამპარტავან კაცზე" (გამოცხ.17 - გამოცხ.18, ამბ. 2) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
"ბაბილონის მეძავი" და წინასწარმეტყველება "ამპარტავან კაცზე"

(გამოცხ.17 - გამოცხ.18, ამბ. 2)
წინა პუბლიკაციებში დეტალურად და საფუძვლიანად განვიხილეთ, თუ რატომ არის გამოცხადების წიგნის "ბაბილონის მეძავის" პირველი და ყველაზე ახლო წინასახე "ქალი საწყაოში", რომელიც ახალაღთქმისეული დროებისადმი მიძღვნილ განსაკუთრებულ ხილვაში აღწერა წინასწარმეტყველმა ზაქარიამ. თანაც ამ ხილვაში მინიშნებული მოწმობები შესაძლებლობას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ "ქალი-უკეთურების" კრებითი ხატება არც რომელიმე ცალკეული ქვეყნით შემოიფარგლება, და არც მსოფლიო ან რომელიმე "ეგზოტიკური" რელიგიით, ასევე არც ურჯულო ორგანიზაციებით და დანაშაულებრივი საზოგდოებებით, არამედ საკუთარ თავში აერთიანებს ყველა მიწიერ "მპარავს" (გამონაკლისის გარეშე) (ანუ ქურდებს და ავაზაკებს) და ყველა "ცრუ მფიცავს" (ასევე გამონაკლისის გარეშე) (შეად.: "ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე" (ზაქ. 5:6)).
 
მაგრამ "ქალი-უკეთურება", რომელიც ჩასმულია საწყაოში და გაგზავნილია "შინყარის (ბაბილონის) ქვეყანაში", - "ბაბილონის მეძავის" ერთადერთი ძველაღთქმისეული წინასახე როდია, რომლის სამსჯავრო აღწერილია გამოცხადების წიგნის 17-ე და 18-ე თავებში.
 
ძალიან მსგავსი კრებითი ხატება აღწერილია წინასწარმეტყველ ამბაკუმის წიგნში, სადაც დროთა აღსასრულის პანორამებთან ერთად ნაუწყებია სამსჯავრო რომელიღაც "ამპარტავან კაცზე", რომელიც მსგავსია "მდუღარე ღვინისა" და არ შემოისაზღვრება მხოლოდ ერთი ვინმე უკეთური ადამიანით, არამედ ბუკვალურად მთელ დედამიწაზე ვლინდება:
 
"მომიგო უფალმა და მითხრა: ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა. რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება. ... ამპარტავანი კაცი კი მატყუარა ღვინოსავითაა, არ მოისვენებს; ჯოჯოხეთივით აიბერება მისი სული და სიკვდილივით გაუმაძღარია: თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს. ხომ ყველანი საარაკოდ გახდიან მას და მასხრად აიგდებენ, იტყვიან: "ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებს - როდემდისო? - და მონახვეჭით იმძიმებს თავს!" ხომ უეცრად აღდგებიან შენი მკბენელნი და აღიძრებიან შენი დამაფრთხობელნი, რომ ათ კერძად იქცე? რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცული, შენც გაგძარცვავს ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნის, ქალაქის და მის მკვიდრთა ჩაგვრის წილ" (ამბ. 2:2-8).
 
თანაც შეიძლება შევნიშნოთ, რომ მსჯავრი "მსოფლიო ამპარტავან კაცზე" აღესრულება არა ზეციდან, არამედ იმათი მხრიდან, ვისზეც ამგვარ კაცს ჰქონდა განსაზღვრული ძალაუფლება, რაც ზუსტად შეესაბამება იმ სიმბოლოებს და მოწმობებს, რომლებიც ეძღვნება "ბაბილონის დიდი მეძავის" დაცემას (შეად.: "ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, ..." (გამოცხ. 17:16)).
 
გარდა ამისა, ამბაკუმის წინასწარმეტყველებაში, ისევე როგორც ზაქარიას წიგნის მე-5 თავში, ნახსენებია რომელიღაც "უკეთური სახლის" "ქვები და ხის კოჭები", რომელსაც ბოლო დღეებში თავს დაატყდება ღვთის რისხვა (ზაქ. 5:3-4), - ხოლო შემდეგ, ტექსტის მიხედვით, "ამპარტავანი კაცის სახლი" წარმოდგენილია არა ჩვეულებრივი ხელთქმნილი შენობის, არამედ, როგორც "სისხლით გამაგრებული ქალაქის" სახით:
 
"ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი დაიხსნას ბოროტის ხელიდან! სირცხვილი გადუწყვიტე შენს სახლს, რომ მოსპე უამრავი ხალხი, საკუთარ თავს შესცოდე. რადგან ქვები ღაღადებენ კედლებიდან და ხის კოჭები ეპასუხებიან: "ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს"" (ამბ. 2:9-12).
(ამ აზრით საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ "სისხლიან ქალაქად" ძველაღთქმისეულ ტექსტებში მრავალი დიდი ქალაქია წოდებული, ანუ იერუსალიმი, ნინევია და ა. შ., რომელთაგან თითოეული მთელი ძველი ქვეყნიერების სიმბოლო გახლავთ, შეად.: ეზეკ. 22:2-4; ეზეკ. 24:6-10; ნაუმ. 3:1-6 და ა. შ.).
მეტიც, შემდეგში წინასწარმეტყველი ამბაკუმი მოწმობს, რომ მსჯავრისა და შურისგების ერთ დღეს გამოაშკარავდება "ამპარტავანი კაცის სირცხვილი", - ხოლო მთელ მის "სახლზე" და მის მიერ აშენებულ "სისხლიან ქალაზე" გადმოიღვრება სრულიად განსაკუთრებული "ცეცხლოვანი" რისხვა, შეად.:
 
"განა ცაბაოთ უფლისგან არ არის, რომ ცეცხლისთვის იღვწიან ხალხები და არაფრისთვის დაშვრებიან ტომები? უფლის დიდების ცოდნით აივსება ქვეყანა, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული. ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ მათ სიშიშვლეს უყუროს! პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები; შენც სვი და გაშიშვლდი; შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის დამცირება" (ამბ. 2:13-16).
 
(შეად.: "ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, ... გააშიშვლებენ მეძავს, ... და ცეცხლს მისცემენ მას" (გამოცხ. 17:16)).
 
ამრიგად, ყველაფერი ის, რაც ნაუწყები იყო გამოცხადების წიგნში სამი მფრინავი ანგელოზის მიერ (გამოცხ. 14:6-11), შემდეგ კი დეტალურად არის აღწერილი 17-ე და 18-ე თავებში, ზუსტად შეესაბამება ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებას, მიმართულს "ამპარტავანი კაცისადმი" და ამ კაცის მიერ აშენებული "სახლისა" და "ქალაქისადმი". და თუმც საღმრთო რისხვის ადრესატი გამოცხადების წიგნის მოწმობებში ბუკვალური აზრით გამოდის არა "ამპარტავანი კაცი" და "სისხლიანი ქალაქი", არამედ "ამპარტავანი მეძავი" და "დიდი ბაბილონი", - ამბაკუმის წინასწარმეტყველება და "ბაბილონის დიდ მეძავზე" თავსდატეხილი უკანასკნელი სამსჯავროს პანორამები ერთმანეთის მსგავსნი არიან უწვრილეს დეტალებშიც კი:
 
 
"ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს" (ამბ. 2:12):
 
     
  • "და ვიხილე, რომ დედაკაცი მთვრალი იყო წმიდათა და იესს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება" (გამოცხ.      17:6).
  •  
  • "და პოვნილ იქნა შენში (ანუ  ქალაქში) წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი" (გამოცხ. 18:24).
  •  
  • "... და იძია მისი ხელიდან თავისი მონების სისხლი" (გამოცხ. 19:2).
 
"ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ მათ სიშიშვლეს უყუროს!" (ამბ. 2:15):
 
     
  • "მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს; რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა" (გამოცხ. 17:1-2).
  •  
  • "... ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა" (გამოცხ. 17:4-5).
  •  
  • "რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი" (გამოცხ. 18:2).
  •  
  • "... განიკითხა დიდი მეძავი, თავისი  სიძვით რომ გახრწნა ქვეყანა, და იძია მისი ხელიდან თავისი მონების სისხლი" (გამოცხ. 19:2).
 
 
"პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები; შენც სვი და გაშიშვლდი; შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის დამცირება" (ამბ. 2:16):
 
     
  • "...ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში..." (გამოცხ. 14:10).
  •  
  • "ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს მისცა ოქროს შვიდი თასი, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღვთის რისხვით აღვსილი" (გამოცხ. 15:7).
  •  
  • "... და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა" (გამოცხ. 16:19).
  •  
  • "მიაგეთ მას, როგორც მან მოგაგოთ და, მისი საქმისამებრ, ორმაგადაც მიაგეთ; სასმისით, რომლითაც გასმევდათ, ორმაგად ასვით მას" (გამოცხ. 18:6).
 
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაზე ზოგადი აზრით შესაძლებელია "დიდი ბაბილონის" წინასწარმეტყველურ სიმბოლოთა გულისხმისყოფის სულ ორი ვარიანტი: ან ეს მოწმობანი არანაირად არიან დაკავშირებულნი ზაქარიას და ამბაკუმის ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებთან, და მათში აღწერილია ახალი იდუმალი პერსონაჟი, რომლის შესახებაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები არაფერს ამბობდნენ, - ან კიდევ მეძავის მსჯავრი აგრძელებს და ამთავრებს ზაქარიას ხილვასაც, სადაც წინასწარმეტყველს აჩვენეს რომელიღაც ქალი-უკეთურება, დადგმული "შინყარის (ბაბილონის) მიწაზე" მისთვის შესაბამის საფუძველზე (ზაქ. 5:11), და ამბაკუმის წინასწარმეტყველებასაც "მსოფლიო ამპარტავანი კაცის" უკანასკნელ და საბოლოო სამსჯავროზე.
 
თანაც, ყოველივეზემოთ თქმულის გათვალისწინებით სწორად გვიჩნს მხოლოდ ის ვარიანტი, რომელშიც ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი და გამოცხადების მოწმობანი განიხილებიან ერთი და იგივე ახალაღთქმისეული აზრით.
 
რაც შეეხება მეტაფორებს "უკეთურების შეზღუდვაზე", რომელიც აღწერილია წინასწარმეტყველ ზაქარიასთან "წინასწარმეტყველური საწყაოს" სახით, - იმ დროს, როდესაც ძველი ქვეყნიერების განდგომილებისა და დანაშაულის ზომა შორსაა აღვსებისგან, "მსოფლიო ურჯულოების საწყაოს" "აწევა" და "გადატანა" ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო (რასაც ხედავს და აღწერს კიდეც ზაქარია).
 
შესაბამისად, საბოლოო სამსჯავრო უკეთურებაზე და ურჯულოებაზე შორეული მომავლის საქმე იყო (შეად.: "რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება" (ამბ. 2:3)).
 
მაგრამ ახალაღთქმისეულ პერიოდში, როდესაც ყოველგვარი შესაძლო ბოროტება უკვე მხილებულია და განკითხულია, ძველი ქვეყნიერების ურჯულოების ზომა ძალიან სწრაფად ივსება, რის შესახებ სხვათა შორის მოწმობს ის "წინასწარმეტყველური ტყვია", რომლითაც "შინყარში (ბაბილონში) გაგზავნის" წინ დაიბეჭდა "ქალი-უკეთურების" პირი (ზაქ. 5:8).
(აქ შეიძლება განვმარტოთ, რომ ტყვიას მაღალი სიმკვრივე, ანუ "განსაკუთრებული სიმძიმე" ახასიათებს, ასევე არ რის მტკიცე და იოლად ლღვება, წმიდა წერილში კი ეს მეტალი უპირველეს ყოვლისა მოიხსენიება, როგორც მავნე მინარევი, რომლისგანაც ოქროს წმენდენ (ეს. 1:25). ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ზაქარიას ხილვაში ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოსდა შინყარ-ბაბილონში "საწყაოში მდებარე დედაკაცის" გადატანის წინ მისი პირი "დაბეჭდილია", - მეტაფორული აზრით ტყვიის ქვა, რომელიც დაიდო ქალი-უკეთურების "ღრუში", მოწმობს იმ უკეთური სიტყვების "ტყვიისებრ სიმძიმეზე", რომლებიც მისი პირიდან იღვრება და ავსებს მისი უკეთურობებისა და დანაშაულობების საწყაოს).
მეტიც, ყველა ზემოთხსენებული წინასწარმეტყველური სიმბოლოს შეკრებით გვეხსნება გასაოცრად ზუსტი და საკმაოდ ნიშანდობლივი შეპირისპირება, რომლის ჩარჩოებში ოქროს სასანთლის ზეთისხილის ორი რტო (ქრისტეს ეკლესიის სიმბოლო) "ოქროს" გამოადენენ (შეად.: "რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილის გვერდით, საიდანაც ოქრო იღვრება?" (ზაქ. 4:12), - ხოლო ყოველი უკეთური და ცრუ სიტყვა, რომელიც გამოდის ურჯულოთაგან, ტყვიასავით მძიმდება და ძალიან სწრაფად ავსებს წინასწარმეტყველურ საწყაოს, რომელიც ერთდროულად ძველი ქვეყნიერების ყოველგვარი ურჯულოებისა და დანაშაულობის საზომად და სულიერ საზღვრად არის დადებული, შეად.:
 
"იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და მაშინვე სიტყვებით განიკითხები" (მთ. 12:34-37).
 
ეს კი ნიშნავს, რომ "დიდი ბაბილონის მეძავის" მთელი შესაძლო ისტორია გაგრძელდება მხოლოდ იმ საზღვრამდე, რომლის მიღწევის შემდეგ მისთვის გამოზომილი საწყაო "პირთამდე" აღვსებული აღმოჩნდება (მსგავსი სიმბოლო ნახსენებია დან. 8:23; მთ. 23:32-ში, და სხვა). ამასთან "ტყვიისებრი სიმძიმე", რომელიც მის სიტყვებს და ქცევებს ახასიათებს კიდევ ერთი მოწმობაა ახალი აღთქმის დროებისა და რეალიებისა, როდესაც ჭეშმარიტი ნათელი უკვე გამოჩნდა, და საღმრთო ჭეშმარიტება ყველას გასაგონად იქნა ნაქადაგები, ამიტომაც არანაირი გამართლება ურჯულოებას და უკეთურებას უბრალოდ არ გააჩნია.
(აშკარაა, რომ "მპარავის" ცნება წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნიდან ბუკვალური აზრით ნიშნავს "ქურდს", "მძარცველს" და "ყაჩაღს". მაგრამ ჩვეულებრივ ქურდებს და ყაჩაღებს არ ძალუძს "სულიერი ქონების" დატაცება, რადგან ის ბუკვალური სიმდიდრე კი არ არის, არამედ იმგვარი ბიბლიური საგანძურია, რომელსაც ღირებულება მარადისობისთვის გააჩნია.

ამავდროულად, სულიერი აზრით ქურდობაა სხვისი არამატერიალური ქონების მიტაცების ნებისმიერი მცდელობა, ხოლო ყაჩაღობა - ნებისმიერი "ძალადობრივი" ფორმით ადამიანისთვის იმის წართმევა, რაც მას ჭეშმარიტებით ეკუთვნის. ასე რომ ბიბლიურ "მპარავებს" წარმოადგენენ ყოველგვარი ცილისმწამებლები, ყოველგვარი ცრუმოწმენი, მატყუარები, უხეში და უზრდელი ადამიანები, ბილწად და ბოროტად მოუბარნი, ყოველგვარნი მკრეხელნი და ა. შ., რომლებიც იტაცებენ ან ისაკუთრებენ სხვის დიდებას, პატივს, ღირსებას და კეთილ სახელს, ხოლო საბოლოო ჯამში აცდუნებენ მრავალთ და ცდილობენ წარწყმიდონ პოტენციურად უკვდავი ადამიანური სულები.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "მპარავის სახლში", რომელიც სულიერი კეთრით არის მოწყლული და გეენის დაუშრეტელი ცეცხლისთვის არის განწირული, ექცევა ადამიანური საქმიანობის ყველა სისტემა და ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც აგებულია და აღესრულება, როგორც ცრუ რელიგიათა ადეპტების, ასევე იმათ მიერ, ვინც ნებისმიერი რწმენის მიღმაა დაშთენილი, - რადგან მათთვის დამახასიათებელ "ყაჩაღურ" მოქმედებებში ვლინდება "ამპარტავანი კაცის" შინაგანი ბიწიერება, რომლის მთელი საქმიანობა აღესრულება საკუთარი თავისგან და საკუთარი თავისთვის, ღმერთის გარეშე და ღმერთის წინააღმდეგ, არსებითად კი წარმოადგენს "მსოფლიო ბაბილონური გოდოლის" მშენებლობას, შეად.: "გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას" გამოცხ. 18:7).
ასეა თუ ისე, ერთიანი აზრით "დიდი ბაბილონისა" და "ქალი-მეძავის" სიმბოლოთა განხილვისა და ამბაკუმისა და ზაქარიას წინასწარმეტყველებებთან მათი შედარებისას, გამოცხადების პანორამები იძენენ საყოველთაო მნიშვნელობას და მსოფლიო მასშტაბს (წმ. ანდრია კესარიელიც ლაპარაკობს, რომ "ბაბილონის მეძავი" ეს არის "საზოგადოდ ნებისმიერი მიწიერი სამეფო, ერთ სხეულად წარმოდგენილი"), - ხოლო ამ სიმბოლოთა გააზრების ყველა სხვა ვიწრო ვარიანტი წარმოჩინდება მის კერძოდ გამოვლინებად და არ შეიძლება პრეტენზიას აცხადებდეს აზრობრივ და წინასწარმეტყველურ სისავსეზე.
(შესაბამისად, "ბაბილონის დიდი მეძავის" სამსჯავრო არ იზღუდება არც ვატიკანით, არც ჰოლივუდით, ლოს ანჟელესით ან შეერთებული შტატებით, ეს არც მოსკოვია და არც რუსეთი, არც გლობალური "მსოფლიო ქსელი", არც საქონლისა და მომსახურეობის ბაზარი; არც მსოფლიო საბანკო სისტემა; არც ჯადოქრები, ასტროლოგები და საიენტოლოგები; და სხვა, არამედ ნიშნავს ყოველგვარი უკეთურებისა და ურჯულოების ისტორიის აღსასრულს (გამონაკლისის გარეშე), რაც ზუსტად შეესაბამება ყველა სხვა ახალაღთქმისეულ მოწმობას, რომელშიც შედის ქვეყნიერებისა და ეკლესიის გლობალური ურთიერთწინააღმდეგობა, ასევე პატარძლისა და მეძავის ურთიერთდაპირისპირება, რომელთაგან ერთი (ეკლესია, როგორც პატარძალი) მიდის ცხონებამდე, ხოლო სხვა ("ბაბილონის დიდი მეძავი") წარწყმედამდე).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому