აპოკალიფსისი > განმარტება
ვინ დგას მინისებრ, ცეცხლშერეულ ზღვაზე, და გალობს მოსესა და კრავის საგალობელს?
(გამოცხ. 15:2-4)
"და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები. და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, წმიდათა მეუფეო! ვის არ ეშინოდეს, უფალო, და არ ადიდებდეს შენს სახელს? ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმინდა; ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩნდა შენი სამართალი" (გამოცხ. 15:2-4).
იმის შემდეგ, რაც იხილა შვიდი ანგელოზი, რომელთაც მრისხანების შვიდი წყლულებით სავსე შვიდი თასი ეპყრათ, იდუმალთმხილველი ხედავს ხალხთა ურიცხვ სიმრავლეს, რომელთაც "ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები", იდგნენ "მინის ზღვაზე" და გალობდნენ "მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას".
ხოლო რადგან, ადრე, გამოცხადების წიგნში ორჯერ იყო ნახსენები ღვთის ბეჭდით აღბეჭდილი ას ორმოცდაოთხი ათასი კაცი (გამოცხ. 7:4-8), რომლებიც ზეციურ სიონზე საზეიმო "ახალ საგალობელს" გალობდნენ (გამოცხ. 14:1-5), - მრავალ განმარტებაში, რომელთაც სხვადასხვა ღვთისმეტყველები გვთავაზობენ, "მხეცის მძლეველებში" (გამოცხ. 15:2-4) და იმ "აღბეჭდილებში", რომლებიც ნახსენებნი არიან მე-7 და 14-ე თავებში, ერთსა და იმავე ხატებას მოიაზრებენ, ხოლო მათ აღწერებში არსებულ ზოგიერთ განსხვავებას არაარსებითად მიიჩნევენ.
მიუხედავად ამისა, ზემოთხსენებული მოწმობების აღქმა, როგორც მინიშნება ერთი და იგივე ადამიანებზე არასწორია მინიმუმ იმ მიზეზით, რომ სიონზე მდგომი ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებიც 14-ე თავში "მიწისგან" გამოსყიდულებად და "კაცთაგან" გამოსყიდულ პირმშოებად იწოდებიან, სრულიად განსაკუთრებულ "ახალ საგალობელს" გალობენ, ანუ ისეთს, რომელიც აქამდე არავის უგალობია, და რომლის შესწავლასაც, როგორც ნათქვამია, სხვა ადამიანები ვერ შეძლებენ (გამოცხ. 14:3-4 შეად.: გამოცხ. 15:3, სადაც მხეცის მძლეველნი "... გალობენ "ღვთის მონის, მოსეს საგალობელს...").
გარდა ამისა, ას ორმოცდაოთხ ათას პირმშოსთან მიმართებაში, რომლებიც კრავს მიჰყვნენ ზეციური სიონისკენ, ნათქვამი იყო, რომ ისინი "არ შებილწულან დიაცებთან" (გამოცხ. 14:4), მაგრამ არ თქმულა, რომ ზეცაში ასვლამდე მათ დაამარცხეს მხეცი და / ან მისი ხატება, - ხოლო ისინი, ვინც 15-ე თავში "მინის ზღვაზე" დგანან ხასიათდებიან სწორედ, როგორც "მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი" (გამოცხ. 15:2).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოცხადების წიგნის მოწმობა ერთი მეორის მიყოლებით ხაზს უსვამს, რომ ხელთუქმნელ ტაძარში არის ადამიანთა ორი კატეგორია, რომლებიც ზეციურ სიონში ავიდნენ სხვადასხვა ვითარებებსა და სხვადასხვა დროში.
ასე, მაგალითად, მე-6 თავში მეხუთე ბეჭდის ქვეშ ჯერ აღწერილია "ღმრთის სიტყვისთვის მოკლულთა სულები", რომელთაც მიეცათ "სპეტაკი სამოსები" (გამოცხ. 6:9-10), - შემდეგ კი ნახსენებია მათი "თანა-მონები და ძმები და ძმები", რომლებიც, როგორც ნათქვამია, "მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ", და შეუერთდებიან საკურთხევლის ქვეშ მყოფებსა და გათავისუფლებულებს, რითაც "შეავსებენ" ზეციურ კრებულში მოზეიმეთა "რიცხვს" (გამოცხ. 6:11).
ამის შემდეგ მაშინათვე, მე-7 თავში ჯერ ნახსენებია "აღბეჭდილთა რიცხვი" (გამოცხ. 7:4-8), - შემდეგ კი იდუმალთმხილველი აღწერს "ურიცხვ ხალხს, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, ... და ხელთ ეპყრა პალმის რტონი" (გამოცხ. 7:9), რომლებიც არიან "დიდი ურვიდან მოსულნი", რომელთაც "გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი" და "ამიტომაც არიან (ახლა) ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში..." (გამოცხ. 7:14-15).
ხოლო 14-ე თავში, სადაც აღწერილია მსოფლიო ზეციური მკა, ას ორმოცდაოთხი ათასი სიონზე მდგომი ქრისტიანი წარმოდგენილია, როგორც ხორბლის მკის პირველნაყოფი, რაც მესამედ მოწმობს მათზე, როგორც ახალაღთქმისეული დროების დასაწყისშივე ზეცაში ასულებზე.
(მიუხედავად ამისა, ას ორმოცდაოთხი ათასი აღბეჭდილი პირმშოები არიან მძლეველთა შორისაც, რადგან, ავიდნენ რა ზეცად ახალი აღთქმის დამკვიდრების პერიოდში, მათ სძლიეს დიდ წითელ ურჩხულს, შეად.: "სძლიეს მას კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით..." (გამოცხ. 12:11), იზეიმეს მასზე გამარჯვება მთელ ზეციერ კრებულთან ერთად, შეად.: "მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო!" (გამოცხ. 12:12).
თანაც სწორედ ზეციურ სიონში დამტკიცებულ წმინდანთა კრებულიდან სამმა ანგელოზმა აუწყა ქვენიყერებას მსოფლიო ახალაღთქმისეული ბრძოლა, რომელიც გაჩაღდება დედამიწაზე და ცისქვეშეთში (გამოცხ. 14:6-12), და რომელშიც ომს, ჯერაც ხორცში მყოფ წმინდანებთან, აწარმოებს არა ურჩხული, არამედ "ზღვიდან ამომავალი მხეცი" და მასთან დაკავშირებული უკეთური გამოსახულებანი (გამოცხ. 13:7-18).
ამრიგად, არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ "ცეცხლოვან ზღვაზე მდგომნი", - რომელსაც ვხედავთ 15-ე თავში და, რომელიც შემთხვევით როდია ნახსენები შვიდი თასის მპყრობელი შვიდი ანგელოზის ხილვაზე უწინ, - ზეცის უპირველეს ბინადართა ის "თანა მოღვაწენი ... და ძმები" არიან, რომლებიც ახალაღთქმისეულ ბრძოლაში ძლევდნენ და სძლიეს უკეთურების სამყაროს და ავსებენ მოზეიმე ზეციური კრების მონაწილეთა რიცხვს მთელი ახალაღთქმისეული დროების განმავლობაში.
ხოლო რადგან ასეთი ბრძოლა ქვეყნად გაიშალა უკვე იმის შემდეგ, რაც გველ-ურჩხული მიწაზე იქნა გადმოგდებული, ხოლო "მხეცის ხატებამ" დაიწყო ურწმუნოთა და მწვალებელთა აღბეჭდვა თავისი უკეთური გამოსახულებით, - ცეცხლოვან ზღვაზე მდგომნი არიან "დედაკაცის ის თესლნი" 12-ე თავიდან, რომელთაც აქვთ მოწმობა იესუ ქრისტესი, რომლის წინააღმდეგაც ამხედრდა გამძვინვარებული ურჩხული მისი ადრინდელი ძალისა და შესაძლებლობების დაკარგვის შემდეგ (გამოცხ. 12:17).
(მეტიც, სწორედ ცეცხლოვან ზღვაზე მდგომნი წარმოგვიდგებიან ისეთებად, რომლებიც "არ აღიხოცებიან სიცოცხლის წიგნიდან" და "ჩაწერილნი არიან კრავის სიცოცხლის წიგნში", რადგან ყველა სხვა მიწაზე მცხოვრებთაგან განსხვავებით მათ "თაყვანი არ სცეს მხეცს" და "არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა და ხელზე" (გამოცხ. 3:5; 13:8; 20:4 და ა. შ.)).
შესაბამისად, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ "მხეცის
მძლეველთა" ხილვა 15-ე თავიდან ამთავრებს ახალაღთქმისეული სულიერი ბრძოლის პანორამას,
რომლებიც აღწერილია 12, 13 და 14-ე თავებში, და რომ მხეცის მოჩვენებითი გამარჯვება,
რომელიც 13-ე თავშია ნახსენები, ასეთად მხოლოდ "მიწის მკვიდრთათვის"
არის ამდაგვარი (შეად.: გამოცხ. 13:7), - მაგრამ სულიერ რეალობაში "დედაკაცის
თესლისგან ნაშობნი", რომლებიც მოკლულ იქნენ და მომავალშიც მოიკვლებიან "მხეცის"
და "მისი ხატების" მიერ, გადადიან ძველი ქვეყნიერების უდაბნოში, ადიან ზეციურ
სიონში, უერთდებიან რწმენის პირველშობილთ, ავსებენ ზეციური სატაძრო სამღვდელოების რიგს
(მწკრივს0 და გალობენ მოსესა და კრავის საზეიმო პასქალურ საგალობელს.
(ეს გალობა შეიძლება იწოდოს "პასქალურად" იმ მიზეზით, რომ პირველი ბიბლიური გალობა წინასწარმეტყველ მოსესი გაისმა ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლისა და ფარაონის დამარცხების შემდგომ (გამ. 15:1-21, შეად. გამოცხ. 13:3, - ხოლო მეორე ნაგალობები იქნა უდაბნოს გავლის შემდეგ სანამ ერი შევიდოდა აღთქმულ ქვეყანაში (მეორე რჯლ. 32:1-44, შეად. გამოცხ. 12:14).
რაც შეეხება "კრავის საგალობელს", - მასაც ასევე პასქალური აზრი გააჩნია, რადგან კრავის სისხლით "მსოფლიო ეგვიპტის" მონობისგან გამოხსნაზე მოწმობს, შეად.: გამ. 12:5-13; გამოცხ. 5:9, და უთითებს იესუ ქრისტეში ყველა (გამონაკლისის გარეშე) საღმრთო აღთქმის აღსრულებას, მათ შორის წმიდა და საღმრთო ნეტარების მოპოვებას (შეად.: 2 კორ. 1:20; ებრ. 4:1-8 და ა. შ.).
გარდა ამისა, 15-ე თავის ახალაღთმისეული მოწმობების განხილვისას შეიძლება კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ გამოცხადების წიგნისთვის დამახასიათებელი პირდაპირი და ირიბი მიმართვები ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებთან ამ წინასწარმეტყველებებს წარმოაჩენენ ერთ, მთლიან და უწყვეტ პროცესად, რომელიც აღსრულდება მთელ ახალაღთქმისეულ პერიოდში და თავის სისავსეს და დასრულებას აღწევს ძველი სამყაროს უკანასკნელ დღეებში.
(ასე, მაგალითად, გამოცხ. 15:1-ში, "შვიდი თასის" და "შვიდი გამანადგურებელი დარტყმის" სიმბოლოებში მონიშნულია ზეციური მსჯავრი "მსოფლიო ბაბილონზე" და "მსოფლიო ეგვიპტეზე", - ხოლო გამოცხ. 15:2-ში ეს მოწმობები გრძელდება ცეცხლშერეული ზღვის სიმბოლოსადმი მიმართვით, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეგვიპტის მონობიდან ისრაელი ხალხის გამოხსნასთან, რადგან მხეცის მძლეველნი ზღვაზე დგანან ფეხებით, თითქოსდა ეს ზღვა ხმელეთი იყოს, შეად.: "... შუაგულ ზღვაში ხმელეთზე გაიარეს, მათი მდევრები კი ღურღუმელში ისე ჩაძირე, როგორც ლოდი აბობოქრებულ წყლებში" (ნეემ. 9:11; გამ. 14:29; ებრ. 11:24-29 და სხვა).
ამასთან "მხეცის მძლეველთა" ბაგეთაგან ისმის არა ის "ახალი საგალობელი", რომელიც იგალობა ოთხმა ცხოველმა და ოცდაოთხმა მხცოვანმა ზეციურ ტახტთან კრავის ასვლის დროს და, როდესაც კრავს გადაეცა სამსჯავრო წიგნი (გამოცხ. 5:9); და არ მეორდება ის "ახალი საგალობელი", რომელიც იგალობეს გამოხსნილებმა სამსხვერპლოს ქვეშიდან და სიონზე ასულმა რწმენის პირმშოებმა (მითუმეტეს, რომ ასეთი საგალობელის შესწავლა არ შეეძლოთ არც სხვა ადამიანებს და არც ანგელოზებს (გამოცხ. 14:3-4)).
იმათ საზეიმო საგალობელში, ვინც მოიპოვა ოთხი გამარჯვება (თვით მხეცზე, მის ხატზე, მის გამოსახულებაზე და მისი სახელის რიცხვზე), ერთდებიან ყველა "ახალი საგალობლები", რომლებიც ადრე იყო ნახსენები, - და ამასთან მსოფლიო მასშტაბით სრულდება ორი ძველაღთქმისეული საგალობელი მოსესი, რომელთაგან პირველი გაისმა ფარაონისა და მისი მხედრობის ზღვაში დანთქმის შემდეგ (შეად.: "ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი" (გამ. 15:1)), ხოლო მეორეს გააჩნდა ანდერძის აზრი, რომელიც წინასწარმეტყველმა მოსემ დაუტოვა ხალხს რჯულთან ერთად, როგორც მოწმობა საბოლოო და უკანასკნელ მსჯავრზე, რომელიც მოიწევა ღმრთისა და მისი ერის ყველა მოწინააღმდეგეზე, შეად.:
"რადგან სოდომის ვენახიდან არის მათი ყურძენი, გომორის ზვრებიდან არის მათი ნაყოფი, შხამიანი ნაყოფი, მწარეა მისი მტევნები. გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის დამღუპველი გესლი. ... მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა. როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი. ... როდესაც გავლესავ ჩემს ელვარე მახვილს და ხელს მივყავ განკითხვას, შურს მივაგებ ჩემს მტრებს და ვუზღავ ჩემს მოძულეებს. ... ადიდეთ, ხალხებო, მისი ერი, რადგან აიღებს თავის მორჩილთა სისხლს; შურს მიაგებს თავის მტრებს და გასწმედს თავის მიწას და თავის ერს (მეორე რჯლ. 32:31-43).
თანაც შეიძლება შევნიშნოთ, რომ ის მოვლენები, რომლებიც ნახსენებია წინასწარმეტყველ მოსეს მეორე საზეიმო საგალობელში, და ცეცხლოვან ზღვაზე მდგომთა საგალობელში, რომლებმაც სძლიეს მხეცს, ზუსტად შეესაბამებიან გამოცხადების წიგნის სხვა მოწმობებს, კერძოდ:
უკანასკნელი მკის მოვლენებს, როდესაც "უკეთურების მტევნები" "ნამგლით მოიჭრებიან" და "გაიქელებიან ... ქალაქგარე საწნახელში" (შეად.: მეორე რჯლ. 32:32-33 და გამოცხ. 14:20).
უკანასკნელ დღეთა მსჯავრს, რომელიც აღსრულდება მთელ ძველ სამყაროზე იმ მომენტში, როდესაც წმინდანთა ხელი "დაუძლურდება", ხოლო დედამიწაზე არ დარჩება არც "შეპყრობილი" და არც (გარეთ) "დარჩენილი" (შეად. მეორე რჯლ. 32:36; დან. 12:7 და გამოცხ. 11:7-11).
უკანასკნელი ბრძოლის აღწერას, როდესაც აღსრულდება საბოლოო საღმრთო შურისგება და ყველა კაცთამკვლელისგან მოკითხულ იქნება სისხლი (შეად.: მეორე რჯლ. 32:41-43; ეს. 34:5; გამოცხ. 6:10-11; 14:20; 18:20, 24 და სხვა).
რადგან წინასწარმეტყველ მოსეს მეორე საგალობელში, თუ მას მივუსადაგებთ ახალაღთქმისეულ დროებას, ნაუწყებია ბოლო დღის უკანასკნელი სამსჯავროც, - დროთა აღსასრულისა და მარადისობის დადგომის პერსპექტივასი ის ჟღერს, როგორც "კრავის საგალობელი", რომლის დროსაც მთელი სისავსით აღსრულდება ყოველივე, რაც ნაწილობრივ (როგორც წინასახე და აჩრდილი) მონიშნული იყო ეგვიპტის მონობიდან ისრაელის გამოსვლის მოვლენებში, შეად.:
"უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. ... იქადიან წმიდანი დიდებითა, და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა. ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა; და მახჳლნი ორპირნი ჴელთა შინა მათთა ყოფად შურის-გებაჲ წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა, შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი - ჴელბორკილითა რკინისათა; ყოფად მათ შორის სასჯელი და წერილი; დიდებაჲ ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა" (ფსალმ. 149:1-9).
"უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, მისი სადიდებელი ქვეყნის კიდეთაგან, ... გამოვა უფალი; როგორც მეომარი, შურით აღივსება, აგრგვინდება, ყიჟინასაც დასცემს, ძალას გამოაჩენს მტრების წინააღმდეგ" (ეს. 42:10-13).
რაც შეეხება "მინის მსგავს ზღვას", რომელიც ზეციური ხილვების დასაწყისში იყო "ბროლის მსგავსი" (გამოცხ. 4:6), - ახალაღთქმისეულ დროებაში მასში აირეკლა განსაცდელთა და გამოცდათა ცეცხლი (1 პეტ. 4:12-13; 1 კორ. 3:13 და სხვა), ასე რომ ახალი აღთქმის წმინდანები ზეციურ ტაძარში შესვლამდე გაივლიან განწმენდას არა მარტო წყლით, არამედ "წყლითა და ცეცხლით" (შეად.: რიცხვ. 31:23; ზაქ. 13:8-9; მთ. 3:11 და სხვა).
შესაბამისად, როგორც "ფიზიკური" ეგვიპტიდან გამომსვლელთ მოუწიათ გაევლოთ "მეწამული", ანუ ბუკვალურად "წითელი" ზღვა, - ასევე ისინი, ვინც ახალაღთქმისეულ დროებაში ტოვებენ მსოფლიო ეგვიპტეს, გადადიან არა მარტო "წინასწარმეტყველურ უდაბნოს", არამედ "ზღვასაც, რომელიც ცეცხლთან არის შერეული".
და როგორც "მშრალზე" მეწამული ზღვის გავლა შესაძლებელი გახდა მხოლოდ წინასწარმეტყველ მოსეს წინამძღოლობით (მთ. 14:28-31; ებრ. 11:24-29), - ასევე ახალაღთქმისეული სულიერი ბრძოლის ცეცხლოვანი ზღვის გავლა შესაძლებელ იქნება მხოლოდ უფლისა და მაცხოვრის პირდაპირი წინამძღოლობით, შეად.:
"მაშინ გაოცდა მეფე ნაბუქოდონოსორი ... და უთხრა თავის მრჩეველთ: ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში? მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო! მიუგო მან და თქვა: აჰა, ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიმოდიან ისინი უვნებელად; მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს. მაშინ მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის პირს, შეუძახა და უთხრა: სედრაქ, მისაქ და აბედნაქო, მაღალი ღმერთის მორჩილნო, გამოდით და აქ მოდით! მაშინ სედრაქი, მისაქი და აბედნაქო გამოვიდნენ შუაგულ ცეცხლიდან. შემოკრბენ სატრაპები, მთავარნი, მეფისნაცვალნი და მეფის მრჩეველნი და ნახეს, რომ ამ ვაჟებს ტანზე ცეცხლს თავისი ძალა ვერ მიეტანა: თავზე თმებიც არ შეტრუსვოდათ, სამოსელიც არ შეცვლოდათ და კვამლის სუნიც კი არ უდიოდათ" (დან. 3:91-95).
გარდა ამისა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ სიხარული, რომლითაც მხეცის მძლეველი შეხვდებიან უკეთური ქვეყნიერების ბოლო სამსჯავროს, არ შეიძლება მივამსგავსოთ ცისქვეშეთის ქვეყნიერების ბინადართა უწმინდურ ზეიმს, როდესაც ისინი მოწმენი ხდებიან მათ თვალწინ აღსრულებადი "მიწიერი" სასჯელებიდა და შურისგებებისა.
მართალთა წმიდა სიხარული დაკავშირებულია არა "ბოროტმოქმედებზე აღსრულებულ ნანატრ შურისძიებასთან", - არამედ თვით ბოროტების დამხობასთან და განადგურებასთან, რომელიც არ უნდა, - უკანასკნელი მსჯავრის შედეგად კი - ვერც შეძლებს დაიმალოს "საიდუმლო ჭურჭლებში" და გადავიდეს ღვთაებრივ მარადისობაში, შეად.:
"თუ შეწყალებულ იქნება ბოროტეული, სიმართლეს ვერ ისწავლის; იუკუღმართებს წრფელ ქვეყანაში და უფლის დიდებას არად ჩააგდებს" (ეს. 26:10).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.