აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
მარადიული საიქიო საიდუმლონი
გარდაცვლილთა ცხოვრება და მათი კავშირი ცოცხლებთან, მათი ნეტარება და სატანჯველნი
წმიდა წერილისა და ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებითII
სულის მდგომარეობა ხორციელი სიკვდილის შემდეგ
1. სულის უკვდავების შესახებ
ღმერთი ცოცხალთა ღმერთია და არა მკვდართა: "რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის" (ლკ. 20:38). ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი სხეული, რომელიც სულს გაეყრება, მიწაში ბრუნდება, - სული კი მთელი და უკვდავი რჩება: "მიიქცევა მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდება ღმერთს, რომელმაც შთაბერა" (ეკლ. 12:7).
გამოცხადებაც და საღი აზროვნებაც გვარწმუნებს, რომ ადამიანის სული ხორცის (სხეულის) სიკვდილის შემდეგ არ კვდება, არამედ ცოცხალი რჩება; ის განსხვავებულია სტიქიური ბუნებისგან, ის არ ნადგურდება სხეულთან ერთად, "მტვრად არ იქცევა და მსუბუქ ქროლვასავით არ გაიფანტება" (სოლ. სიბრძნე 2:3), არამედ "ზევით მიილტვის" (ეკლ. 3:21).
ბუნებრივად, ძალებს, რომლებიც კლავენ ხორცს და ანგრევენ მის გრძნობისმიერ ორგანოებს, არ შეუძლიათ მოაკვდინონ სული და გაანადგურონ მისი აზრები და მოსურვებანი. სულის უკვდავების ჭეშმარიტება ნათლად იხსნება, როგორც ძველ, ასევა ახალ აღთქმაში. ძველ აღთქმაში სიკვდილს "თავის ერთან შეერთება" (დაბ. 49:33) ასევე "ჯოჯოხეთში შთასვლა" (დაბ. 37:35) და "მიძინება" (3 მეფ. 2:10) ეწოდება.
ახალ აღთქმაში ადამიანი საერთოდ მომავლის მოქალაქედ უფრო განიხილება, ვიდრე აწმყოსი, და მთელი იმედი და სასოება, მთელი სიკეთე და ნეტარება მისთვის განსაზღვრულია მომავალში. იესუ ქრისტე ამ ჭეშმარიტებას ამტკიცებს ცნებით ღმერთის შესახებ: "ღმერთი ცოცხალთა ღმერთია, და არა მკვდართა, რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის" (ლკ. 20:38).
მოციქული პავლე ამტკიცებს, რომ მთელი ჩვენი რწმენა ამაო იქნებოდა, და ყველაზე უბადრუკი და უბედური არსებები ვიქნებოდით სამყაროში, რომ არა უკვდავება: "თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც. მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები. ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ. და ისინიც წარწყმედილან, ვინც განისვენა ქრისტეში. თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ" (1 კორინთ. 15:13-19).
სულის ყოფიერება სცილდება საფლავის საზღვებს, და თან მიაქვს ყველაფერი ის, რასაც ამ წუთისოფელში მიეჩვია. გადააქვს აზროვნება, ის წესები და მიდრეკილებები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრებისას გააჩნდა. როდესაც სული ხორცთან არის შეერთებული და მასთან ერთ მთლიანობას წარმოადგენს, - ანუ ადამიანია, მაშინ ის იმყოფება იქ, სადაც სხეულია. მაგრამ როგორც კი დაირღვევა ეს კავშირი და სული ხორცს გაეყრება, მაშინ სულის ყოველგვარი მდგომარეობა ცნობილ სივრცეში ნადგურდება, ყოველგვარი ახლო კავშირი ამ ადგილთან ქრება; რადგან ადგილი აუცილებლობით დაკავშირებულია სხეულთან და არა სულის არსთან.
წმიდა წერილი და საღი აზროვნება შთაგვაგონებენ, რომ ადამიანის სული თავისი ყოფიერებისთვის ან მისი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის სხეულს არ საჭიროებს; ამიტომაც შეუძლია მას სხეულის განადგურების შემდეგაც არსებობა. საღმრთო გამოცხადება გვარწმუნებს, რომ გარდაცვლილთა სულები თავიანთ სხეულებს მხოლოდ ქრისტეს დიდებით და ბრწყინვალებით მეორედ მოსვლისას შეუერთდებიან (1 კორ. 15:23), როდესაც მოხდება მკვდართა აღდგომა (1 კორ. 15:42). შედეგად, იმ დრომდე ის უსხეულოდ, უხორცოდ იმყოფება. საღმრთო გამოცხადება იმის შესახებაც გვამცნობს, რომ თავისი სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული ნათლად აზროვნებს და სრულად იცნობიერებს როგორც თავის მდგომარეობას, ასევე სხვა სულთა მდგომარეობასაც.
წმ. იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისში ნათქვამია, რომ წმინდანთ სულები, რომლებიც ცაში არიან, ჭვრეტენ თავიანთი გამოსყიდვის ფასს და ანგელოზებთან ერთად ადიდებენ თავიანთი ნეტარების შემოქმედს: "ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ: ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ" (აპოკ. 4:10, 11); და კიდევ სხვა ადგილას: "და როცა აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინაშე; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა. გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან, რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე. ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი; რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა. და მესმოდა, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში თუ მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაში, და ყველაფერი, რაც არის მათში, ამას ამბობდა: ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ხოლო ოთხი ცხოველი ამბობდა: ამინ! ოცდაოთხი უხუცესი კი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე" (აპოკ. 5:8-14).
წინასწარმეტყველი ესაია ბაბილონის მეფის ხვედრის აღწერისას ამბობს, რომ ჯოჯოხეთში მყოფმა სულებმა თავიანთ შორის იხილეს ეს მეფე, გაუკვირდათ, რომ მათი თანამედროვე, რომელიც ღმერთს უტოლდებოდა, ასეთ მდგომარეობამდე დაეცა: "ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა აჩრდილნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი. ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე. შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს. როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო!" (ეს. 14:9-12).
იესუ ქრისტეს სიტყვებიდან გარდაცვლილ მდიდარზე ვხედავთ, რომ ეს ადამიანი სიკვდილის შემდეგ იტანჯება, მას ესმის თავისი ტანჯვის მიზეზი და ძმების მომავალზე ზრუნვას შეუდგა, რომლებიც ჯერაც მიწიერით ტკბებოდნენ. "ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში. შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები. ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან - ჩვენსკენ. ხოლო მან თქვა: გევედრები, მამათ, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში" (ლკ. 16:23-28).
2. გარდაცვლილებთან კავშირისა და ურთიერთობის შესახებ
ზემოთნათქვამიდან და განსაკუთრებით იესუ ქრისტეს იგავიდან მდიდრისა და ლაზარეს შესახებ ჩანს, რომ საყოველთაო აღდგომამდე ამქვეყნიდან გასული სულები არ გადადიან არაცნობიერ, სიზმრისეულ მდგომარეობაში, და რომ სიკვდილი არ წყვეტს ეკლესიის წევრთა შორის არსებულ ცოცხალ კავშირს. ეს ჩანს: 1) ღმრთის ცნებისგან, რომელიც არის მხოლოდ ღმერთი ცოცხალთა და მკვდართა (ანუ გარდაცვლილთა), და მისთვის ყველა ადამიანი, როგორც ამას თვით მაცხოვარი ბრძანებს, ცოცხალია; და 2) ეკლესიის ცნებისგან გამომდინარე, რომელიც არის ცოცხალი, ერთიანი და განუყოფელი სხეული ქრისტესი, შედეგად, მის წევრთა შორის აქ, ამქვეყნად იმყოფებიან ისინი თუ სხვა ცხოვრებაში (ანუ საიქიოში), მუდმივი კავშირია.
მაშ, თუკი ამქვეყნიდან გასულ და ამქვეყნად დარჩენილ ეკლესიის წევრებს შორის ცოცხალი კავშირი არ წყდება და გრძელდება, სრულიად უეჭველია, რომ მათ შორის გარკვეული ურთიერთობაც არსებობს. ეს დასტურდება უამრავი მაგალითითაც, რომლებიდანაც ვხედავთ, რომ გარდაცვლილთა სულები, არა მარტო წმინდანებისა, არამედ ცოდვილებისაც, არაერთხელ, სხვადასხვა სახით გამოცხადებიან ცოცხალ ადამიანებს. ქვემო თავში მივუთითებთ ამგვარი გამოცხადების რამოდენიმე მაგალითს.
3. წმინდანებთან ურთიერთობის მაგალითები
1) ოდესღაც ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული და ღვთისმოსავი ქვრივი, რომელსაც კლეოპატრა ერქვა. ამავდროულად იმავე ქალაქში ქრისტეს რწმენას ქადაგებდა ვინმე უვაროსი, რომელიც, სასტიკი წამების შემდეგ, სიკვდილით დაისაჯა. მოწამის გვამი, მისი მტანჯველების ბრძანებით ქალაქგარეთ გადააგდეს, რათა გარეულ მხეცებსა და მტაცებელ ფრინველებს დაეგლიჯათ. ღვთისმოსავმა კლეოპატრამ საიდუმლოდ აიღო უვაროსის სხეული, სახლში მოიტანა და დამარხა, ხოლო ძალიან მალე საკუთარი სახსრებით უვაროსის სახელობის ტაძარიც ააშენა.
პირველი ლიტურგიის დროს, როდესაც ახალ ტაძარს აკურთხებდნენ, მუხლმოყრილი კლეოპატრა მხურვალედ ლოცულობდა უვაროსის ტანჯული ნაწილების წინაშე და წმიდა მოწამეს ევედრებოდა ღმრთისგან მისთვის და მისი ერთადერთი შვილისთვის ისეთი წყალობა გამოეთხოვა, რომელიც ორივეს სარგებლობას მოუტანდა.
ტაძრის კურთხევის შემდეგ კლეოპატრამ ტრაპეზი გაუშალა სასულიერო პირებს და ხალხს, მოიწვია ღარიბ-ღატაკნი და მოგზაურნი, თვითონ კი თავის შვილთან ერთად, რომელიც სულ ახლახან სამეფო სამსახურში გამწესდა, სტუმრებს გულმოდგინედ ემსახურებოდა. ხარობდა კლეოპატრა ამ უდიდესი კეთილის საქმის აღსრულებით. მაგრამ დედამიწაზე ხომ არ არსებობს მყარი ბედნიერება. ტრაპეზობის დროს, უეცრად, მისი შვილი ავად გახდა და საწოლში ჩაწვა. ის უძლიერესმა ციებ-ცხელებამ აიტანა და იმავე ღამეს გარდაიცვალა.
სად უნდა ეძებნა გამწარებულ დედას ნუგეში ასე უეცრად და მოულოდნელად თავსდატეხილი უბედურების გამო!... და აი, ის მიდის ღმრთის ახალაშენებულ ტაძარში, წმიდა უვაროსის სახელობის ეკლესიაში, და, კვლავ მისი წმიდა ნაწილების წინაშე მუხლებზე დაეცა, რომელსაც უკვე საცოდავად შესჩივლა: "ასე მომაგე მე, ღმრთის წმიდაო, ჩემი ღვაწლისთვის და შენზე ზრუნვისთვის? ასეთ მოწყალებას ველოდი მე შენგან? შვილი წამართვი! ჩემი ერთადერთი ნუგეში. აწ ვინღა დამაპურებს მე სიბერეში? ვინ ჩადებს კუბოში ჩემს ძვლებს? უმჯობესი იყო მე მომკვდარიყავი, ვიდრე ასეთი ახალგაზრდა და მშვენიერი შვილი დამკარგვოდა! ღმრთის წმიდაო! ან დამიბრუნე ძე ჩემი, როგორც ოდესღაც - ილიამ სარეპტელ ქვრივს, ან მეც მომკალი! ვერ შევძლებ სიცოცხლეს საყვარელი შვილის გარეშე!" დიდხანს იგლოვდა გამწარებული დედა წმინდანის საძვალესთან და, ცრემლებით დაღლილს მიეძინა.
სიზმარში მას წმიდა მოწამე უვაროსი გამოეცხადა, რომელსაც ხელში მისი შვილი ეჭირა; ისინი ორივენი ბრწყინვალე და ძვირფასი ქვებით დამშვენებული ტანისამოსით იყვნენ შემოსილნი, თავზე კი არანაკლებ ძვირფასი გვირგვინები ედგათ. წმიდა უვაროსმა უთხრა კლეოპატრას: "მოწამეებზე ბეჯითად მზრუნველო! მე არ დამვიწყნია შენი სიკეთე, რომელიც მიაგე ჩემს გვამს, და ვევედრე ღმერთს, რათა შენი შვილი ანგელოზთა დასში ჩაერიცხა. ტაძრის კურთხევის დროს შენ თვითონ ილოცე, რათა ღმრთისგან შენთვის და შენი ძისთვის გამომეთხოვა ის, რაც თქვენთვის უფრო სასარგებლოა და ღმრთითსასურველია. აჰა, მე შევასრულე შენი თხოვნა. შეხედე შენს შვილს, ის ახლა უფლის საყდართან დგას. მაშ, რატომ გლოვობ ასე და რად სტირი? თუ არ გსურს, რომ შენი ერთადერთი ძე ზეციური სიკეთეებით ტკბებოდეს, რომლებიც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და ადამიანს გულშიც კი არ გაუვლია (1 კორ. 2:9). თუკი ასეა, მაშინ წაიყვანე იგი! მაგრამ მაშინ, იოანე (ასე ერქვა კლეოპატრას შვილს) მტკიცედ მიეკრო წმიდა უვაროსს და დედას უთხრა: "თუ გიყვარვარ გიხაროდეს ჩემი ნეტარება და ნუ წუწუნებ ღმრთის წინაშე!" მაშინ კლეოპატრამ წამოიძახა: "ო, ნეტარო სულნო! მეც თქვენთან წამიყვანეთ..." აქ მას გაეღვიძა და სახლში გახარებული დაბრუნდა (საკითხავი თვენი, 19 ოქტ.).
2) ერთხელ ყმაწვილ ქალ მუზას (V ს.) სიზმარში გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელიც მრავალი ყმაწვილქალებით იყო გარშემორტყმული. მუზას ასეთი ხილვა ძლიერ გაუხარდა და იფიქრა: "რაოდენ სასიხარულო იქნებოდა ცხოვრება ასეთ მეგობრებთან ერთად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ".
და აი, ღმრთის დედა ეკითხება მას: "გსურს თუ არა იცხოვრო ყმაწვილქალებთან ერთად, რომელსაც ჩემთან ერთად ხედავ?" მუზამ უპასუხა, რომ ძალიან სურდა ეს და მზად იყო თუნდაც ახლავე გაჰყოლოდა უფლის დედას. მაშინ ღმრთისმშობელმა აღუთქვა მას, რომ მოაკითხავდა 30 დღის შემდეგ, რათა წაეყვანა თავისთან და ამავდროულად მცნება მისცა, რათა ამ დღეების განმავლობაში თავი შეეკავებინა ბავშვური თამაშობებისა და გართობებისგან, რათა არაფერი ცუდი არ ჩაედინა.
ამის სიზმრისეული ხილვის შემდეეგ მუზამ გაიღვიძა. მშობლებმა შეამჩნიეს ეს ცვლილება თავიანთ ქალიშვილში და ჰკითხეს: "რატომ შეიცვალე ასე უეცრად?" მუზამ მოუთხრო მათ თავისი სიზმარი და ისიც, თუ როგორი მცნება მიიღო ღვთისმშობლისგან. მშობლებმაც რწმენით მიიღეს ბავშვის განმარტება და დაელოდნენ მოვლენების განვითარებას.
ოცდახუთი დღის შემდეგ მუზა ცუდად გახდა და ოცდამეათე დღეს, როგორც ეს ამცნო მას ღმრთისმშობელმა, რომ მოაკითხავდა, უეცრად ავადმყოფმა სიხარულით მიმართა სხვებისთვის უხილავ სტუმარს და, ჩუმად თქვა: "მოვდივარ, ღვთისმშობელო, მოვდივარ"! და გარდაიცვალა (საკითხავი თვენი. 16 მაისი).
3) ღირს თეოდოსს, მონაზვნური საერთო საცხოვრებლის დამაარსებელს, თავიდან მხოლოდ შვიდი მოწაფე ჰყავდა. იცოდა რა, რაოდენ სარგებელია სიკვდილის ხსომება ღვთისმოშიში ცხოვრებით მცხოვრებთათვის, მან თავის მოწაფეებს საფლავის ამოთხრა უბრძანა, რათა მუდმივად ჰქონოდათ თვალწინ სიკვდილის ხატება.
საფლავი გამზადდა. ღირსი მამა მოწაფეებთან ერთად მივიდა მის სანახავად და, დადგა რა მის წინაშე, თქვა: "აი, შვილნო საფლავი, არის კი ვინმე თქვენს შორის, ვინც მზად არის სიკვდილისთვის საფლავის გასაახლებლად?" ერთ-ერთმა მოწაფეთაგან, მღვდელი ბასილი, იმწამსვე მუხლებზე დაეცა მხცოვნის წინაშე და სთხოვა კურთხევა სიკვდილზე და საფლავის განახლებაზე. წმიდა თეოდოსიმ მოიწონა ბასილის სურვილი და ბრძანა ჩაეტარებინათ მოსახსენებელი მასზე, როგორც გარდაცვლილზე, მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს.
მოსაგონარის დამთავრების შემდეგ ბასილი ყოველგვარი სნეულების გარეშე გარდაიცვალა. დაკრძალვიდან ორმოცი დღის შემდეგ წმიდა თეოდოსიმ ეკლესიაში მკვდარი ბასილი იხილა; ის სხვა ბერებთან ერთად იდგა და გალობდა. ღირსმა მამამ გულმოდგინედ ილოცა და უფალს სთხოვა, რათა მას აეხილა თვალები იქ მდგომი ძმობისთვის, რათა ეს სასწაული მათაც ეხილათ.
და აი, ერთი მონაზონთაგანი მიეჭრა გარდაცვლილს, როგორც ცოცხალს, სურდა მისი ჩახუტება, მაგრამ ხილვა გაქრა და ხმა გაისმა: "იხსენით თავი მამებო და ძმებო, თავი იხსენით! მე კი ამიერიდან აქ ვეღარ მიხილავთ" (საკითხავი თვენი. 11 იანვ.).
4) სიკვდილის წინ წმ. იოანე ოქროპირს, რომელიც ღამით ლოცვაზე იდგა, წარუდგნენ მოციქული პეტრე და იოანე და უთხრეს: "გიხაროდენ, ქრისტეს სიტყვიერ ცხვართა კეთილო მწყემსო, თავმდაბალო მოწამეო! ჩვენ შენთან ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ გამოგვაგზავნა, რათა შეგეწიოთ და განუგეშოთ შენს ჭირვებებსა და ღვაწლში, რომელიც გიტვირთავს; გამოგვაგზავნეს შენი სინდისის სიწმიდის გამო, რადგან ამხილე ურჯულო მეფენი, ჰბაძავდი იოანე ნათლისმცემელს, რჯულის დამრღვევთა მამხილებელს, ამიტომაც გაუძელი და გამხნევდი, შენთვის მზადაა მისაგებელი ცათა სასუფეველში. გახარებთ უდიდეს სიხარულს, რადგან მცირე ხნის შემდეგ წახვალ შენს უფალთან და განისვენებ ჩვენთან ერთად ზეციურ სამეფოში უკუნითი უკუნისამდე; გქონდეს სასოება, რადგან დასძლიე შენი მოძულე მტრები და დაამარცხე სუპოსტატი ეშმაკი. ხოლო იმპერატრიცა ევდოქსიას მატლები შეჭამენ, ძებნას დაგიწყებს შეწევნის სათხოვნელად და ვერ გიპოვის, ამ დიდ სნეულებასი უკურნებლად გარდაიცვლება, რადგან ღმრთისგან მიეგება ეს სასჯელად".
ამის შემდეგ, წმიდა მოციქულებმა მას რაღაც აჭამეს და უთხრეს: "მიიღე და ჭამე, რადგან ამის შემდეგ უკვე აღარ მოგშივდება საიქიო საცხოვრებელში: ეს საკმარისი იქნება შენთვის, ვიდრე მიაბარებ შენს სულს ჩვენს უფალს".
წმიდა იოანე ოქროპირმა შესჭამა შეთავაზებული საჭმელი და გაიხარა. ზეციური სტუმრები გაშორდნენ მას. "მოციქულები დაინახეს ორმა პრესვიტერმა და დიაკვანმა, რომლებიც იოანეს მიჰყვებოდნენ დევნულებისას, ესმათ მათი სიტყვებიც და ხარობდნენ მასთან ერთად" (13 ნოემბ. იოანე ოქროპირის ცხოვრება).
5) ქალაქ კუკუზაში არაბეთის ეპისკოპოსი ადელფიოსი, წმიდა იოანე ოქროპირის გარდაცვალების შემდეგ, ცრემლით ევედრებოდა უფალს და წუხდა, რომ წმიდა იოანე დევნულებაში გარდაიცვალა, და სურდა შეეტყო მის შესახებ, თუ როგორი ხვედრი ერგო საიქიოში, ხარობდა თუ არა იოანე წმინდანებთან ერთად. და აი, ერთხელ, ღმრთისადმი ლოცვის ჟამს ექსტაზში ჩავარდა, ხედავს წმიდა და მხიარულ ყმაწვილს, რომელმაც თითქოსდა ხელი ჩასჭიდა მას, წმინდანთა სავანეში შეიყვანა, და საეკლესიო მოძღვართა დასი აჩვენა. ეპისკოპოსმა ყველა მათგანი შეათვალიერა, მაგრამ მათ შორის წმიდა იოანე ვერ იხილა, და ყმაწვილს დაღონებული მიჰყვა.
ამ წმიდა ადგილიდან გამოსვლისას, ვიღაც კარებთან მდგომმა ხელი მოჰკიდა მას და ჰკითხა: "რატომ გადიხარ აქედან დამწუხრებულად? აქ ვინც დამწუხარებული მოდის მხიარული გადის; შენ კი მხიარული მოხვედი და დამწუხრებული მიხვალ".
ადელფიოსმა უპასუხა: "მე იმიტომ ვარ დაღონებული, რომ ჩემთვის უსაყვარლესი იოანე საეკლესიო მოძღვართა შორის ვერ დავინახე".
კართან მდგომმა ჰკითხა: "რომელი იოანე - სინანულის მქადაგებელი"?
ადელფიოსმა უპასუხა: "დიახ".
კართან მდგომმა მიუგო: "ხორცში მყოფ ადამიანს არ ძალუძს მისი (ანუ იოანე ოქროპირის) დანახვა; ის ღმრთის საყდრის წინაშე დგას და ქერუბიმითა და სერაფიმთა გარემოცვაშია" (13 ნოემბ. იოანე ოქროპირის ცხოვრება).
გაგრძელება იქნება.
წყარო: Вечный загробные тайны (1908). Составил игумен Антоний. Репринт. Москва 1999.
წიგნი ითარგმნა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2024 წ.