იდუმალი სამყარო - ინკუბუსები და სუკუბუსები ქართულ გადმოცემებში 4 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > იდუმალი სამყარო
ინკუბუსები და სუკკუბუსები ქართულ გადმოცემებში

მემორატული და ფაბულატური მითოლოგიური გადმოცემები ქართულ, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში
იდუმალი სამყარო
გადავწყვიტეთ ჩვენი საიტის გარკვეული სივრცე დავუთმოთ მემორატული და ფაბულატური მითოლოგიური გადმოცემების ქართულ, ხალხურ ნიმუშებს (ხოლო მომავალში გამოვაქვეყნოთ სხვა ქრისტეანი ხალხების ანალოგიურ გადმოცემებსაც). თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1991 წელს გამოცემული ქართული ხალხური სიტყვიერების II ტომის ("მეგრული ტექტები") წინასიტყვაობაში ვკითულობთ: "ვფიქრობთ, მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ამგვარი მასალების შეგროვება და მეცნიერულად გამოცემა გადაუდებელი, არადასაყოვნებელი საქმეა უძველესი ქართველი ხალხის ისტორიისა და კულტურის ღრმად შესასწავლად. საიდუმლოება არც ის არის, რომ ტექნიკის, ცივილიზაციის და ერთიანი კულტურის საოცარი სწრაფი წინსვლა მივიწყების, ნიველირებისა და გაქრობის საფრთხეს უქმნის ხალხური შემოქმედების სხვადასხვა უბანს, მათ შორის ზეპირსიტყვიერებასაც. დღეს არავის შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს, როგორ წარიმართება უმწერლობო ქართველური ენების - სვანურისა და მეგრულ-ჭანურის ბედი რამოდენიმე საუკუნის შემდეგ, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ ამ ენებზე ფიქსირებულ მასალებს მომავალში ოქროს ფასი დაედება".

ამავე გამოცემის შესავალ ნაწილში ვკითხულობთ: "მემორატული და ფაბულატური მითოლოგიური გადმოცემები, როგორც არაზღაპრული პროზის სპეციფიკური ჟანრი, პირველად შემოდის ქართულ ფოლკლორში თავისი ავტონომიური უფლებით. ამ ჟანრის დიდ მნიშვნელობაზე ამ ბოლო წლებში იქნა ყურადღება გამახვილებული როგორც ევროპულ, ისე რუსულ ფოლკლორისტიკაში. მეცნიერებას აინტერესებს ამ ტიპის გადმოცემებში შემონახული ის უძველესი წარმოდგენები, რომლებიც "დაბალ მითოლოგიურ" რწმენათა კომპლექსიითაა შეპირობებული და უნივერსალურ ხასიათს ატარებენ". მაგრამ გარკვეულწილად ამგვარი გადმოცემები საინტერესოა რელიგიის სფეროსთვისაც, რაზეც მეტყველებს თუნდაც ლუდოვიკო მარია სინისტრარის ცნობილი ნაშრომი "ინკუბუსებისა და სუკკუბუსების დემონიალიტეტი", დავა ე. წ. "ნეფილიმთა"გარშემო და სხვა ამის მსგავსი თემა, რომელსაც ხშირად ვხვდებით დაცემულ ანგელოზთადმი მიძღვნილ რელიგიურ სტატიებსა თუ ნაშრომებში.

მეცნიერებისთვის ამგვარი თქმულებები თუ "დაბალ მითოლოგიურ" რწმენათა კატეგორიაშია მოთავსებული, ჩვენთვის, როგორც მორწმუნეთათვის, ის დემონოლოგიის სფეროშია განთავსებული. ამ თემატიკას სხვადასხვა კუთხით ეხებოდა მრავალი ძველი თუ თანამედროვე ღვთისმეტყველი, ამიტომაც, ის სარწმუნოებრივი თვალსაზრისითაც გარკვეულ დაინტერესებას იწვევს. სწორედ ამ ინტერესითაა გამოწვეული ჩვენი მცდელობა შევაგროვოთ ამგვარი ლიტერატურად და განვათავსოთ ის ჩვენი ინტერნეტ რესურსის გვერდებზე.

რა თქმა უნდა, ამ გამოცემის მთლიანად გადმობეჭდვას ჩვენ არ ვაპირებთ, რაც ძალზედ შრომატევადი საქმეა და ჩვენი საიტის თემატიკას სცილდება (წიგნში ასევე შეტანილია ზღაპრები, ანდაზები, თქმულებები და სხვა, თუმცა ამგვარი ლიტერატურის ელექტრონული ვერსიების ინტერნეტში გამოქვეყნება ნამდვილად შესაშური საქმე იქნებოდა). ჩვენ მხოლოდ ვეხებით გამოცემის იმ ნაწილს, რომელიც დაცემული სულების, ანუ ე. წ. ინკუბუსებისა და სუკკუბუსების თემატიკასთან არის დაკავშირებული. მასალა, რომელსაც ქვემოთ ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს, გარკვეულწილად ეხმიანება ამ თემას, რის გამოც ჩვენი ინტერესის სფეროს წარმაოდგენს. მასალის გამოქვეყნებით ჩვენ არაფრის მტკიცებას არ ვიღებთ საკუთარ თავზე, რადგან ამ განყოფილებაში განთავსებული მასალა ქვეყნდება მხოლოდ გაცნობისა და საკითხის შესწავლის მიზნით. ამასთანავე მკითხველებს ვხთოვთ გამოგვიგზავნონ მათთვის ცნობილი მსგავსი ისტორიები, რომლებსაც შევკრებთ და მომავალში ჩვენს საიტზე გამოვაქვეყნებთ.

მასალები აღებულია ნაშრომიდან: "ქართული ხალხური სიტყვიერება", II ტომი. მეგრული ტექსტები. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1991 წ. გვ. 353-405. შემდგენლები ტოგო გულავა და აპოლონ ცანავა. ფრჩხილებში პირველად მითითებულია ნაშრომის გვერდი, შემდეგ კი სტატიის პარაგრაფი.

საიტ აპოკალიფსისის რედაქცია.
შინაარსი

I. ოჩოკოჩი

1. ტყის საკვირველება - ოჩოკოჩი.

2. აღწერა და თავისებურებები. ოჩოკოჩის თვისებები.

3. სხვადასხვა შემთხვევები.


II. ტყაშმაფა

(მეგრ. ტყის მეფე)

1. ტყაშმაფას დახასიათება, აღწერა და თვისებები.

2. სხვადასხვა შემთხვევები.



III. წყარიშ დიდა

(წყლის დედა ანუ იგივე მეფე წყლებისა)


lV. ჭინკა

V. დიხაშკოჩი


(მიწის კაცი)


VI. მაზაკვალი

(მზაკვარი)

1. მზაკვარი და მისი აღწერა

2. ჭეჭეთობა (ჭიაკოკონობა) - მზაკვართა დღესასწაული



VII. ჟამი, ანუ სული გაცივებისა

VIII. ყვავილ-ბატონები

___________________________


III. წყარიშ დიდა

(წყლის დედა ანუ იგივე მეფე წყლებისა)


წყლის დედა ანუ იგივე მეფე წყლებისა

დიდ მდინარეებში იცის ლამაზი ქალის სახის მქონე სულები, გრძელ და შავ თმებიანები. ესენი მართავენ წყლის მდინარებას, თვალყურს ადევნებენ შიგ თევზების გამრავლებას. დარაჯობენ ღამით განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ფონია და ჩვეულებრივ ქვეითი თუ ცხენოსანი შიგ გადის. წყლის დედას გამოჩნა უყვარს განსაკუთრებით მთვარიან ღამეს, როცა ვარსკვლავებით მოკირწყლული ცა ასე მკაფიოდ გამოკრთის წყლის სიღრმეში. მდინარის შუაგულში წყლის დედა პირაღმაა ჩაწოლილი, ცხენის აღვირს ხელს წაავლებს და ცხენოსანს არც წინ უშვებს და აღარც უკან. ბოლოს და ბოლოს, წყლის დედა მგზავრს ცხენიანად ჩაითრევს, საცა უფრო ღრმაა.

ხშირად მებადურებს უხდება წყლის დედასთან საქმის დაჭერა. წყლის დედა ეხვევა ბადეში და ახრჩობს მებადრუს, რომელმაც გაბედა მისი მყუდროების დარღვევა. ყოველთვის, როცა წყლის დედა ადამიანს დაახრჩობს, კოკისპირული წვიმა წამოვა და მანამდე არ გადაიღბს, სანამ წყლის დედა თავის მკერდიდან არ მოიშორებს დამხრჩვალს და ამ უკანასკნელს მდინარის პირას არ გამორიყავს (395, 96).


წყარიშ დიდა

"წყარიში დიდა" თეთრი ქალიშვილია და სატფროს ეძებს და თუ ვინმე მამაკაცი დაიჭირა, მოხიბლავს მას და დაიმორჩილებს. ასეთი მამაკაცი ოჯახში უგონოთ და უგულოდ არის, იგი სახლში ვერ მუშაობს, გარე-გარე დადის და გატაცებულია წყლის დედის სიყვარულით.

უნდა ითქვას, რომ მეგრელებს ყველაზე საშიში არსებად მიაჩნდათ ავი და ბოროტი სულები, რომლებიც წარმოდგენილი ჰყავდათ კუდიანებისა და ეშმაკების სახით. ესენი ადამიანსა და მის ოჯახს მტრობდნენ. ამიტომ გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ცდილობდა სხვადასხვა მაგიური მანიპულაციებითა და შელოცვებიტ მათგან თავდაცვას. წინათ სამეგრელოშიც სწამდათ ავი თვალის არსებობა, რომელსაც შეეძლო ყველაფრის მოხიბვლა-მოჯადოვება (395, 97).


წყლის დალი

სახელგანთქმული მონადირე და მეთევზე კუტილია კვარაცხელია ერთხელ ღამით სათევზაოდ გასულა მდინარე კოდორზე. მდინარეში უნახავს შიშველი ქალი, რომელსაც გრძელი ძუძუები ჰქონდა, თურმე. ძუძუები მხარზე გადმოეგდო. შეტოტებია კუტილიას. კუტილიას იმდენი მოუხერხებია, რომ ნაპირზე გამოუყვანია, აქ კი მას ძალა დაკარგვია. ასე გაუსხლტა კუტილია კვარაცხელია წყლის დალს, თორემ ის მდინარეში დაახრჩობდა (396, 98).


წყარიშმაფა

წყარიშმაფა (წყლის დედოფალი, იგივე წყლის დედა - "აპოკ". რედ.) ცხოვრობს ღელეში, ჭენჭყო ადგილებში, ტეხურში ის არ ცხოვრობს. ნახევარი (ქვევითა ნაწილი) თევზის ფორმისაა, ნახევარი (ზევითა ნაწილი) ქალისა. წყარიშმაფამ თუ წინ გაიარა და შენ მისი ნაკვალევი გადაკვეთე, უსათუოდ უჟმური შეგეყრება. ტყაშმაფა ქალია და ტყეში ცხოვრობს. წყარიშმაფა წყალში ცხოვრობს და უფრო თევზსა და ბაყაყს ჰგავს. ადამიანს ავადმყოფობას შეყრის ხოლმე (396, 99).


წყარიშმაფას სავარცხელი

წყარიშმაფა ყოველთვის წყალში ზის. ტყაშმაფასავით მასაც გრძელი თმები აქვს ფეხის ტერფამდე.

ცხენზე მჯდარი ერთი ბიჭი ისეთ ადგილზე მიდიოდა, გზად წყალში უნდა გაევლო. როგორც კი წყალში შესულა, ამ ბიჭისთვის ვიღცას სახელი დაუძახია. რომ მობრუნებულა, უნახავს: წყარიშმაფა თმას ივარცხნის, თურმე. ამ კაცს პირჯვარი დაუწერია და წყარიშმაფა დაკარგულა. მეორე დღეს ეს კაცი უკან დაბრუნებულა. იმ წყლათან ქვის ქვეშ სავარცხელი უნახავს. სავარცხელი წყარიშმაფას ჰქონია შენახული. აიღო ეს სავარცხელი და სახლში წაიღო. შუა ღამეს ამ კაცის სახლთან ვიღაცას ძახილი დაუწყია. ამდგარა ეს კაცი და კარში გამოსულა. უნახავს ჩაცმული წყარიშმაფა. მას თავისი სავარცხელი მოუთხოვია, მაგრამ ამ კაცს არ მიუცია. წყარიშმაფა სახლში შეუყვანია. ერთად დაუწყიათ ცხოვრება. ყველაფერი საქმე შეუსწავლია და შვილებიც გაუჩენია წყარიშმაფას. ამ კაცს უთქვია: რად გინდა ეს სავარცხელიო და ცეცხლში ჩაუგდია (დაუწვავს). წყარიშმაფას კივილი დაუწყია, ბავშვები დაუხოცია და ეს კაციც დაუწყევლია: "არც ამოწყვეტა და არც დარჩენა იყოს თქვენი გვარისაო" (396, 100).


წყლის დედა კივილით გაურბის დადევნებულ მგლებს

იტყოდნენ, თურმე, წყალში ცხოვრობდა (იჯდა) წყლის დედაო. ეს წინათ უნახავთ საკუთარი თვალით.

ერთ ღამეს, ქურდი კაცი მიდიოდა გზაზე და ნაქურდალ საქონელს მოდენიდა. გზა წყლის პირას მიჰყვებოდა. უცბად საშინელი კივილი შემოესმა. იფიქრა, ალბათ ქალიშვილი მოიტაცა ვიღაცამ და ის ქალია რომ კივისო (მიჰკივისო). შეშინდა ქურდი და ტყის სიღრმეში შევიდა. ისევ გაისმა კივილი. ეხლა უფრო ახლოს ისმოდა კივილის ხმა. დაინტერესდა ეს კაცი, ნახა, რომ წყალს მოაპობს ქალიშვილი (ცირა) და აქეთ-იქით, ნაპირებზე მგლები მოსდევენ. ახლოს რომ მივიდა, ნახა, რომ ამ ცირას არაფერი აცვია. ძალიან თეთრი ტანი და გრძელი თეთრი თმა აქვს. ამ თმით მთელი ტანი დაფარული აქვს. და ეს კაცი რომ იმალებოდა, იმის ახლოს ყოფილა ღრმა დინება, ჩასაყვინთი ტბა. ასე ეძახოდნენ ძველად, და ასე ეძახიან ახლაც, მაგრამ იმდენი ღრმა არაა ამჟამად. ამ ღრმა დინებასთან რომ მოვიდე ეს ქალი, უცბად გაქრა, დაიკარგა. მგლებს გაექცა და თავის სამეფოში მიიტანა თავი (397, 101).

წყლის დედა

წყლის დედა წყლში ცხოვრობს, ტყე სადაც არის. ხან ტყეშია და ხან წყალში. უმეტესად წყლის პირას, სადაც ხეებია, იქ ცხოვრობს. წყლის დედა დღისით არ დადის. მას დღისით კაცი ვერ ნახავს. სამაგიეროდ ღამით დადის, ტანს იბანს.

წყლის დედა მზეთუნახავი ქალია. თეთრთმიანი, თმა გრძელი აქვს, მიწაზე მიათრევს. ტანი თვალსასეირო და კბილები ოქრონი აქვს.

წყლის დედა, უფრო მეტად, კაცებს დასდევს, განსაკუთრებით უცოლო ვაჟებს. ის შეაცდენს ვაჟს და თავისთან დააწვენს. შორს იყოს მასთან დაწვენა (ყველას აშოროს). ვაჟს გამოალენჩებს, საკუთარ აზრს დაუკარგავს, მუდამ თავისთან დაჰყავს. ოჯახს უნგრევს.

როცა კაცს წყლის დედა შეხვდება, ასეთი წესი უნდა დაიცვას: წყლის დედა ყოველთვის ცდილობს კაცს ენა გამოსტყუოს, კაცმა თუ ხმა გაიღო -გათავდა მისი საქმე, გამოალენჩებს და თავისთან დაიწვენს. წყლის დედა იცინის, მისი სილამაზე კაცს აშტერებს. თიტებს უჩვენბს - უნდა გააცინოს, აალაპარაკოს. კაცმა ხმა არ უნდა გასცეს. თუ ძლიერ მოეწონა წყლის დედას ვინმე და არ დაემორჩილა, შეიძლება დაეჭიდოს... მას შეუძლია დილამდე იჭიდაოს, შემდეგ ეშინია და ქრება. კაცმა თუ დილამდე გაუძლო ჭიდილს, გადარჩენილია, მაგრამ გამოშტერებული იქნება. მისი გამობრუნება ცოტათი შეიძლება, უნდა გამოულოცონ.

წყლის დედას ეშინია ორლესული დანისა და ხანჯლისა, ორივე მხრით მჭრელს ის კაცს ვერ წაართმევს. ამის გამო, შეიძლება კაცს ჩამოშორდეს, დაეხსნას (397, 102).


წყარიშმაფას მათრახი და ქვადქცეული ბიჭი

ერთი ახალგაზრდა ბიჭი გზაზე ცხენით მიდიოდა, დაუღამდა. მდინარე უნდა გაევლო. წყალთან რომ მივიდა, ცხენი დაფრთხა და უკან დაიხია. ამ ბიჭს ცხენისთვის უთქვამს: "აჩუ, შე სამგლეო". ცხენი მაინც არ დაძრულა. ერთ ადგილას იყო გაჩერებული. ბიჭი შეშინებულა და ჭკუიდან შეშლილა, თურმე. წყარიშმაფა წყალში თმას ივარცხნიდა. წყარიშმაფა ცხენზე შემჯდარა და ბიჭის სახლში წაუყვანია, ეს ბიჭი კი აქ დაუტოვებია.

შეშლილი ბიჭი ცხენს გამოკიდებია და ყვირილი დაუწყია. წყარიშმაფა მობრუნებულა და ამ ბიჭისთვის მათრახი დაუკრავს. ბიჭი ქვად ქცეულა და წყალში ეგდო, თურმე (398, 103).


წყარიშმაფას მოჭრილი თმა

ერთ ბიჭს უნახავს წყარიშმაფა. წყარიშმაფას სახელი დაუძახია - ხუტუ, ხუტუო! ამ ბიჭს მათრახი მოუქნევია წყარიშმაფასთვის. მას კი კივილი დაუწყია და ამ ბიჭის ოჯახი დაუწყევლია: "სახლში არცერთი ცოცხალი არ დაგხვედროდესო". მართლაც ყველა ამოწყვეტილა.

წყარიშმაფა ერთ ღამეს განუწყვეტლივ კიოდა თურმე. ამ ბიჭს გაუგონია კივილი და მისულა. წყარიშმაფას უთქვია: "სავარცხელი მომაძებნინეო". ამ ბიჭს უთქვამს: შენ რატომ დაწყევლე ჩემებიო და მაკრატკლით თმა მოუჭრია წყარიშმაფასთვის და ცეცხლში დაუწვავს. წყარიშმაფას ძალა დაკარგვია და ჩვეულებრივ ქალად ქცეულა (398, 104).

TOP. GE
Назад к содержимому